თენგიზ ცერცვაძე - ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფექციაზე არც ერთი საეჭვო პაციენტი  არ იმყოფება

ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში არც ერთი საეჭვო პაციენტი ახალი კორონავირუსით ინფექციაზე არ იმყოფება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო პაციენტს, რომელიც საავადმყოფოში მწვავე რესპირაციული ინფექციით შეიყვანეს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა და უკვე გაეწერა.

"ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში არც ერთი საეჭვო პაციენტი ახალი კორონავირუსით ინფექციაზე არ იმყოფება. ბოლო პაციენტს, 19 წლის ყმაწვილს, რომელიც გუშინ შემოვიდა, ჯერ კიდევ ჩინეთში ყოფნის დროს განუვითარდა მწვავე რესპირაციული ინფექცია და ამ ინფექციით ჩამოვიდა თბილისში. მას ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდა, არც კლინიკურად, არც რენდგენოლოგიურად და არც ლაბორატორიულად არაფერი აღმოაჩნდა. მას პნევმონია არ აქვს, ამასთან დღეს ლუგარის ცენტრში დამთავრდა ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალის გამოკვლევა ახალი კორონავირუსით ინფექციაზე და პასუხი უარყოფითია. პაციენტი უკვე გაეწერა. ამ მომენტისთვის კორონავირუსზე საეჭვო არცერთი პაციენტში ჩვენს ბოქსირებულ განყოფილებაში აღარ არის",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.

"საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყნად რჩება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჯერ აქ შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მეორე - მოსახლეობის დიდი ცვლა ჩინეთთან არ არის. არიან ერთეული ქართველები, რომლებმაც ჩინეთში იმოგზაურეს და ბრუნდებიან, არიან ჩინელები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ცოტახნით ჩინეთში იყვნენ წასული და ბრუნდებიან, მაგრამ ეს არ აღემატება რამდენიმე ათეულ ადამიანს. ფართე კონტაქტები ჩინეთთან არ არის", - განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა