„ევროპული საქართველო“ - კახა კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი, რაც არის მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი

კახა კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი, რაც არის „ქართული ოცნების“ მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და არაკომპეტენტურობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც მათ განაცხადეს, გუშინ მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ კომპენსაციის სახით 4 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაუხადა და ამით შეწყვიტა მათ შორის სასამართლო დავა.

„შეგახსენებთ, რომ სასამართლო დავა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც მერია კომპანიას თბილისში პარკირების სივრცეების მოწყობა-მომსახურების კონტრაქტი შეუწყვიტა.

პოლიტიკური მოძრაობა „ევროპული საქართველო“ ყურადღებას ამახვილებს ამ მოვლენის რამოდენიმე ასპექტზე:

პირველი - მერიამ ბიუჯეტიდან გადაიხადა 12 მილიონი ლარი, რაც საადვოკატო მომსახურეობასთან და სასამართლო დანახარჯებთან ერთად კონტრაქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (25 მლნ ლარი) თითქმის ნახევარს შეადგენს. 2017 წლის არჩევნების დროს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი. ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და არაკომპეტენტურობა.

მეორე - კახა კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ პარკირების სამსახურის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასვლით მოსახლეობა მიიღებდა გაუმჯობესებულ სერვისს - კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება.

მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ პარკირების გადასახადის სახით 50 მილიონი ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში, მერიას არ აუშენებია/მოუწყია არც ერთი ახალი პარკირების ადგილი, არ განუხორციელებია რეფორმა და არ გაუუმჯობესებია მომსახურება. თბილისის მოსახლეობისათვის და მისი სტუმრებისთვის, როგორი მოუხერხებელი და პრობლემურიც იყო ავტომობილის პარკირება მანამდე, ისეთივეა დღეს.

ფაქტობრივად გამოვიდა, რომ კახა კალაძემ თავისი პოპულისტური და არაკომპეტენტური ახირების გამო ბიუჯეტის ხარჯზე მოაწყო მორიგი კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდე თბილისის მერიაში.

არაკომპეტენტურობა, ნეპოტიზმი და კორუფცია ეს არის „ქართული ოცნების“ მმართველობის სამარკო ნიშნები, რომლის ფასსაც თვითოეული ჩვენი მოქალაქე იხდის. სწორედ ამიტომ, წერტილი უნდა დაესვას მათ ხელისუფლებას და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების გზას“, - განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს