ბათუმში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

"საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებისაა",- ამ ლოზუნგით სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.
არხის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ახლად არჩეული დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს ნაწილი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. მათი თქმით, ტელევიზიაში დირექტორისთვის არასასურველი კადრების დევნა ხდება.
"აქ როგორც ერთ-ერთი რიგითი მაყურებელი მოვედი და ვფიქრობ, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ხელისუფლების სურვილი, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს უკვე აშკარაა და იმ მონაპოვარს , რაც მოვიპოვეთ საზოგადოებამ უნდა შევინარჩუნოთ, ვინაიდან, ეს ტელეკომპანია ჩვენ გვეკუთვნის",- განაცხადა Tv 25 -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა სულხან მესხიძემ.
მაუწყებლის მიმართ სოლიდარობის აქციები გაიმართება ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.

























