ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, ქართულმა დელეგაციამ წარმატებული შეხვედრა გამართა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის მდივანთან მარკ ესპერთან, სადაც ის უმნიშვნელოვანესი პროექტები განიხილეს, რომელიც ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება და მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

„შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ამერიკასთან გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზე.

„შეხვედრაზე აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. მოვისმინეთ ძალიან ბევრი კომპლიმენტი ჩვენი ჯარისკაცების მიმართ ამერიკის თავდაცვის მდივნის მხრიდან. ყველა ერთხმად აღიარებს ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმს, მათი მომზადების მაღალ დონეს, რომელიც პრაქტიკულად სრულად მოდის თანხვედრაში ნატოს სტანდარტებთან“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

საერთაშორისო ფორუმის პარალელურად თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან. კანადელ, მონტენეგროელ, ლატვიელ, ბერძენ და ფინელ კოლეგებთან შედგა მნიშვნელოვანი საუბრები თავდაცვის ძალების მზადყოფნის, ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის, ტოტალური თავდაცვის, ჰიბრიდული საფრთხეებისა და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობის შესახებ. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების აქტიური მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის სახელით, სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრო.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების განსახილველად მსოფლიოს წამყვანი ფორუმია. ყოველწლიურად კონფერენციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები, სახელმწიფოს ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან და გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს