ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროს თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს. მაღაროში დასაქმებულები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ შეუსრულებელი დაპირებების გამო გაიფიცნენ. ისინი კომპანიისგან მათ წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავას აპროტესტებენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაღაროს მუშაობის გამო მათ სოფელში პრობლემები შეიქმნა, დაზიანდა სახლები და გზები.
მოსახლეობის თქმით, კომპანიისგან კომპენსაციას მოითხოვდნენ, "ჯორჯიან მანგანეზმა" კი მათ სექტემბერში შეწყვეტილი მუშაობის გამო სასამართლოში უჩივლა და 5,5 მილიონ ლარს ითხოვს.
მაღაროელების თქმით, ამ დროისთვის გაჩერებულია 8 მაღარო და მუშაობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ განახლდება.
„გასულ წელს გავიფიცეთ, გვინდოდა, კომპანიას ზარალი აენაზღაურებინა. დაიწყო მოლაპარაკება, მაგრამ კომპენსაციის ნაცვლად კომპანიამ გვიჩივლა და გაცდენილი დღეების გამო ხუთ მილიონნახევარ ლარს ითხოვენ. ჩვენ გვაზარალებენ და ჩვენ გვიჩივიან. სახლები დაგვენგრა მალე მთელი სოფელი საფრთხის წინაშე იქნება”, - განაცხადეს ადგილობრივებმა.
მათივე ინფორმაციით, სოფელ შუქრუთში ამ დროისთვის 280 ოჯახი ცხოვრობს.

























