თბილისის კონსერვატორიაში სერგეი ბელიავსკის პირველი სოლო კონცერტი კონსერვატორიისთვის როიალების განახლებას მიეძღვნება

28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისელი მსმენელის წინაშე ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი, სერგეი ბელიავსკი წარსდგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონსერვატორიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, არაერთი პრესტიჟული კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული მუსიკოსი თბილისში სოლო კონცერტით პირველად ჩამოდის. პროგრამაშია: ბეთჰოვენის, პროკოფიევის, შოპენის, დებიუსის, ლისტის ნაწარმოებები.

სერგეი ბელიავსკის სოლო კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში 28 თებერვალს 19:00 საათზე დაიწყება. კონცერტის ორგანიზატორია საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი და შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის როიალების განახლებას.

მე-20 საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ კონსერვატორიაში როიალები არ განახლებულა, 150 როიალიდან, რომელიც ამ დროისთვის სასწავლო პროცესისთვის გამოიყენება, უმეტესობა მწყობრიდან არის გამოსული და მათ ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდათ. ნორმალური სასწავლო პროცესის წარსამართად აუცილებელია როიალების განახლება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კონსერვატორიის რექტორის ნანა შარიქაძის ინიციატივით დაიწყო აქტიური კამპანია თანხების მოსაზიდად. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობამ გამოყო 300 ათასი ლარი. თუმცა ეს თანხა საკმარისი არ არის და ყველა აქტიურად არის ჩართული კონსერვატორიისთვის ამ პრობლემის მოგვარების პროცესში.

სერგეი ბელიავსკიც დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურა თბილისის კონსერვატორიის პრობლემას. ბელიავსკი აღიარებულია, როგორც გამორჩეული ტექნიკური შესაძლებლობების, ჩამოყალიბებული მუსიკალობის და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე პიანისტი.

„მსოფლიოში ცნობილი ტექნიკური ბრწყინვალება"; „უნიკალური ინტერპრეტაცია" - ასეთი ეპითეტებით ამკობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სერგეი ბელიავსკის. 5 წლის იყო, როდესაც ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. 10 წლის ასაკში შედგა მისი სოლო დებიუტი, ხოლო 11 წლის ასაკში პირველად დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მას შემდეგ დაიწყო სერგეი ბელიავსკის საკონცერტო ცხოვრება. 25 წლის ასაკში მას უკვე ჩატარებული ჰქონდა კონცერტები მსოფლიოს 28 ქვეყნის წამყვან საკონცერტო დარბაზებში.

სერგეი აქტიურ სოლო საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა; აგრეთვე, თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, ისეთი დირიჟორების ხელმძღვანელობით, როგორებიც არიან: ა. რუდინი, ა. სლადკოვსკი, მ. რახლევსკი, ლ. ისაკაძე, პ. კოგანი, ვ. ფედოსეევი, ე. პორტალი, ი. ფრანცი.

2005 წლიდან დღემდე ბელიავსკის მოპოვებული აქვს პრიზები 30-ზე მეტ კონკურსსა და ფესტივალზე, მათ შორის: პირველი პრემია პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე “Juries in competition” (ზალცბურგი, 2019), მესამე პრემია და ბრინჯაოს მედალი ჯინა ბახაუერის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე (სოლტ-ლეიკ-სითი, აშშ. 2018); გაიმარჯვა ფრედერიკ შოპენის სახელობის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (დეგუ, სამხრეთ კორეა), მიიღო მეორე პრემია და მაყურებლის პრიზი ფერენც ლისტის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (ბუდაპეშტი, უნგრეთი), მეორე პრემია და მაყურებლის პრიზი მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (ბარსელონა, ესპანეთი), გრან პრი “eMuse”-ის მუსიკის კონკურსზე (ათენი, საბერძნეთი).

სერგეი ბელიავსკი არის მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული (პროფ. ელისო ვირსალაძის კლასი, 2016 წ.). 2016-2017 წწ. სწავლა განაგრძო თელ-ავივში, პროფ. არი ვარდის ხელმძღვანელობით. ამჟამად, იგი კალაიდოს მუსიკის სკოლაში (შვეიცარია) პროფ. ლევ ნატოჩენისთან აგრძელებს საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობის გაღრმავებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა