ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაზიანება მიიღო მერიის თანამშრომელმა ზურა ბურჯანაძემ.

მერიის საბინაო სამსახურის უფროსი და დაზარალებული თანამშრომელი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის თქმით, დაპირისპირება მერიის თანამშრომლების მიერ საცხოვრისში უსახლკარო ქალის მოყვანას მოყვა.

"ზურა ბურჯანაძეს მარჯვენა თვალი აქვს დაზიანებული, ჩალურჯებული და მარცხენა საფეთქლის მხარეს ძლიერი დარტყმისგან ჩაქცევები აქვს მიღებული. სასწრაფომ არ ჩათვალა საჭიროდ მისი საავადმყოფოში გადაყვანა. მიღებული დაზიანებების დასადგენად ის გადაყვანილია ექსპერტიზაზე", - განაცხადა არაბიძემ.

უკვე დაკითხეს საცხოვრისის მცხოვრებლებიც. როგორც საცხოვრისის ბინადრები, აცხადებენ, მათ არ აქვთ, სურვილი საცხოვრისში კიდევ ერთმა ადამიანმა იცხოვროს, რადგან ფართები თვითონაც არ ჰყოფნით, რის გამოც მერიის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

"უკვე ვიყავით დაკითხვაზე, ვინ დაარტყა მერიის თანამშრომელს არ ვიცი, ხმაური და არეულობა იყო", - განაცხადა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა