ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა იუნკერთა მიერ გამოჩენილი გმირობის ისტორია და 25 თებერვალზე, საბჭოთა ოკუპაციის დღეზე, როგორც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღზე ისაუბრა.

ასევე, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ 99 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერებს. 1921 წლის თებერვლის სისხლიან დღეებში იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ათეულობით იუნკერი დაიჭრა და დაიღუპა. თითოეული ქართველის, ყველა ჩვენგანის ვალია სათანადო პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გვახსოვდეს ყოველთვის ის, რაც მათ სამშობლოს სიყვარულმა გააკეთებინა, რათა ეს იყოს ჩვენთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში უკვე არაერთი კურსანტი აღიზარდა მსგავსი გმირობის მაგალითებზე და კიდევ არაერთი თაობა აღიზრდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდები ყოველთვის ღირსეულად იქნებიან სამშობლოს სამსახურში. 99 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ნაწილი სამწუხაროდ, კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ არის, თუმცა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით ესეც დასრულდება და საქართველო კვლავ ერთიანი იქნება, თუნდაც იმ 22-23 წლის ახალგაზრდების ხსოვნისთვის, რომლებმაც წარმოუდგენელი თავდადება და პატრიოტიზმი გამოიჩინეს და მტერს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კადეტებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს და მარო მაყაშვილის, იუნკერ მიხეილ დადიანის და სხვა მებრძოლთა გმირობის ისტორიები წარმოაჩინეს. დღესვე, მაღალი აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და გამორჩეული დისციპლინის მქონე კადეტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიების შემდეგ მსურველებს კადეტთა ნახატების დათვალიერება შეეძლოთ, ხოლო კლას-კაბინეტებში: რობოტექნიკის, ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიების გამოფენა იყო მოწყობილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს