ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებას იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და USAID/Georgia-ს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი დაესწრნენ.
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. დოკუმენტს ხელი ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ასევე ინვესტორების მოძიების კუთხით.
დღესვე, მხარის რწმუნებული ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლებთან ერთად ახალი ტერმინალის მშენებლობის მიმდინარეობასაც გაეცნო.