ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას ისახავს მიზნად, ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები ჩანს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას ისახავს მიზნად, ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებს ხედავს.

როგორც გოგიჩაიშვილი აცხადებს, ეს კანონპროექტი არის იმ დიდი სქემის ნაწილი, რომლითაც თამბაქოს ინდუსტრიაში მონოპოლისტი ვანო ჩხარტიშვილი ხდება.

გოგიჩაიშვილის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად სქემა 2013 წლიდან მუშაობს, რომლის კულმინაციური ეტაპი აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება და შემდგომ სიგარეტზე ფასების ზრდაა.

„სულ ცოტა ეს არის ევრო დირექტივის დარღვევა, მაგრამ ამის მიღმა ჩანს დიდი სქემა, რომლითაც საბოლოო ჯამში თამბაქოს გაყიდვებში ერთი ჯგუფი იქნება მონოპოლისტი. ეს არის ბატონი ვანო ჩხარტიშვილის ინტერესი, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთან. ჩხარტიშვილი იმ არაფორმალური მაგიდის წევრია, სადაც მსხვილი ეკონომიკური გადაწყვეტილებები მიიღება. სამწუხაროდ, შემდგომში ფინანსთა სამინისტრო იქნება, ეკონომიკის სამინისტრო თუ პარლამენტი, ვართ აი, ამ გადაწყვეტილების „შემსრულებლები“. რეალურად, ჩვენი დაკვირვება და ინფორმაცია გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ვთქვათ, ეს არის ხელოვნური პროცესი, რათა თამბაქოს ინდუსტრიაში ერთი ადამიანი იყოს მონოპოლისტი, ლომის წილი მას ჰქონდეს და პატარ-პატარა მოთამაშეები ფორმალურად დარჩნენ. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ერთი ადამიანის ინტერესებზე ვმუშაობთ ამხელა ინსტიტუციები. ეს არის სავარაუდო კორუფცია და იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა ინსტიტუციურად ჩამოშლილია. თუ მთავრობა და პარლამენტი კერძო ბიზნესზე მუშაობს, ხალხო, სერიოზული პრობლემები გვაქვს. 2013 წლიდან მოყოლებული სქემაა, რომელიც კულმინაციურად უნდა დამთავრდეს ამ კანონპროექტის მიღებით და შემდეგ, სიგარეტზე ფასების ზრდით,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის - საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების რეალიზაცია 50 და 100 გრამიან საფუთავებთან ერთად, შესაძლებელი იქნება 15 გრამიან საფუთავებშიც. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და გურამ მაჭარაშვილი არიან.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვას ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დისკუსია მოჰყვა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები კანონპროექტის ინიციატორისგან ითხოვდნენ არგუმენტების დასახელებას, რა აუცილებლობით არის გამოწვეული ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

გარდა ამისა, მათი მხრიდან აღინიშნა, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცება თამბაქოზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც წინააღმდეგობაში მოდის იმ პოლიტიკასთან, რასაც სახელმწიფო ამ მიმართულებით ატარებს.

კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე კანონპროექტის ავტორებისგან დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ინიციატივის მომზადება, მაშინ როდესაც ევროდირექტივის თანახმად, მინიმალურ რაოდენობას 30 გრამიანი საფუთავი წარმოადგენს. საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით წინააღმდეგობა დააფიქსირეს კომიტეტის სხვა წევრებმაც. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლადო კახაძემ აღნიშნა, ის მხარს არ დაუჭერს ისეთი კანონპროექტის მიღებას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. მიუხედავად დეპუტატთა მხრიდან გამოთქმული უარყოფითი შეფასებებისა, აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა და მისი ჩაგდება არ მომხდარა. დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო იმ დრომდე, სანამ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს პოზიციები არ იქნება ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა