ვახტანგ ძაბირაძე - სადილზე დაჯდები, ვახშამზე თუ წუთშესვენებაზე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოლაპარაკებებია - ორივე მხარე იძულებულია დაემორჩილოს დასავლელი პარტნიორების თხოვნას

მმართველი გუნდი იძულებულია ილაპარაკოს კომპრომისებზე და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ისევე, როგორც ოპოზიცია, რომელიც თვალში ნაცარს გვაყრის, რადგან სადილზე დაჯდები, ვახშამზე თუ წუთშესვენებაზე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის მოლაპარაკებები,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ დიპლომატების რეზიდენციებში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურად, ორივე მხარე იძულებულია დასავლელი პარტნიორების თხოვნა გაითვალისწინოს, თუმცა, რამდენად დასრულდება მოლაპარაკებები რაიმე შედეგით, ამის თქმა ჯერ ნაადრევია.

„ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ კომპრომისზე და არ არის ის მიღწეული. თქმა, რომ ამაზე თანახმა ვართ, თუმცა, მერე ეს ჩაიშალოს, ეს მოსალოდნელია. პარლამენტში რომ კენჭს უყრიან და ცვლილებები შევა, მერე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპრომისი მიღწეულია. თუმცა, მმართველი გუნდი იძულებულია ილაპარაკოს კომპრომისებზე და დაჯდეს მოლაპარაკებებზე, ისევე როგორც ოპოზიცია, რომელიც ახლა ჩვენ გვაყრის თვალში ნაცარს - სადილზე დაჯდები, ვახშამზე თუ წუთშესვენებაზე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის მოლაპარაკებები. ორივე მხარე იძულებულია დაემორჩილოს დასავლელი პარტნიორების თხოვნას, რომ მოიპალარაკონ, რადგან ორივე მხარეს სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა როგორც არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხში, ისე ზოგადი მხარდაჭერა გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ ეკონომიკური. ჩვენ დასავლეთზე ვართ დამოკიდებულები და ამის სანაცვლოდ დასავლეთი ითხოვს - ცოტა წესიერები იყავით, ნორმალურობის ფარგლებში, ამიტომ კარგია თუ კომპრომისს მიაღწევენ, ეს საშუალებას მოგვცემს მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ მმართველი გუნდი დაუფიქრებლად თანხმდება ოპოზიციას, რომ 40%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს გუნდს, რომელსაც პრეტენზია აქვს მთავრობა დააკომპლექტოს, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ამის მისაღწევად ყველა მარტივი გზა დღეს არსებული 77/73 პროპორციის 120/30-ზე ან 125/25 -ზე პროპორციით ცვლილებაა. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება პორპორციის ამგვარ ცვლილებას არ აპირებს, სხვა გზა შესაძლოა, ბონუს ქულების, ანუ გადაუნაწილებელი მანდატების იმ პარტიისთვის მიცემა იყოს, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას მოიპოვებს.

„ყველაზე მარტივი და სწორი იქნება ასეთი მექანიზმი - როცა 40%-ს იღებს პარტია, ამას პლიუს დარჩენილი ყველა მაჟორიტარი, არ უნდა აღემატებოდეს 76 მანდატს. შეიძლება კიდევ რაღაც მოიფიქრონ, მაგრამ ამ დახლართულ სქემებს სჯობია ასეთი გადაწყვეტა. პროპორციებამდე მაინც მივლენ. სხვა მექანიზმი ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება 40% -ზე ნაკლები მხარდაჭერის პირობებში ვერ ჩამოაყალიბოს პარტიამ მთავრობა. სხვაგვარად მაშინ, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს ცვლილება, რომ თუ პარტია მიიღებს 40%-ზე მეტს და მას არ ჰყოფნის მაჟორიტარული სიით მიღებული მანდატები იმისთვის, რომ შექმნას მთავრობა, დარჩენილი გადაუნაწილებელი მანდატები, როგორც ბონუსი, ეძლევა პარტიას, რომელმაც მიიღო 40 პროცენტი. თუ პროპორციები არ შეიცვალა, მაშინ შეიძლება ეს დათქმა ჩაიწეროს,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" მზად არის, ის წუხილები მოუხსნას ოპოზიციას, რომელიც 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობასთან დაკავშირებით არსებობს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ისეთ მექანიზმზე ისაუბროს, რომელიც ამას გამორიცხავს. თუმცა, რა მექანიზმით მოხერხდება ამის მიღწევა, მმართველ გუნდში ჯერ არ საუბრობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა