ზვიად შალამბერიძემ რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს.

უწყების ცნობითვე, რეგიონში არსებობს საკარანტინო სივრცეები და არსებული სიტუაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება კოორდინირებულად ხდება. სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ყველა უწყების წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ შეხვედრაზე, როგორც რეგიონის მასშტაბით, ასევე საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ. სპეცეპიდზედამხედველობის და დეზინფექციის სამსახურის უფროსის რუსუდან ხაჭაპურიძის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.

ამასთან, შეხვედრაზე გაცხადდა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იმერეთის რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

„მორიგი შეხვედრა გავმართეთ მუნიციპალიტეტის მერებთან და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან. მათგან მოვისმინეთ რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ თავიანთ მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ასევე მიეცათ რეკომენდაციები რა მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ კიდევ უფრო მუშაობა და როგორ უნდა დავგეგმოთ ყოველდღიურად სადენზიფექციო სამუშაოები სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ა.შ.“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით კი, შეხვედრაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები იქნა მიღებული.

„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით. შეხვედრა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ეხებოდა იმ ღონისძიებებს, რომელიც უნდა გავატაროთ მთლიანად საქართველოში და იმერეთშიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამხარეო ადმინისტრაციას და პირველ რიგში, ბატონ ზვიად შალამბერიძეს ასეთი კოორდინირებული მუშაობისთვის და ყველა მუნიცილაპიტეტის მერს. დღეს იყო მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები იგივე ბაღებში, სკოლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციის დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით. ყველა ეს გადაწყვეტილება ხვალიდან ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით განხორციელდება“, - განაცხადა გიორგიძემ.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით