ფინანსთა სამინისტრო - უპასუხისმგებლოა საკუთარი ვიწროპარტიული მიზნებისთვის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც აზიანებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას, თითქოს, შემოსავლების სამსახური მოუმზადებელი შეხვდა პროცესს, ცილისმწამებლურ დეზინფორმაციას უწოდებს და საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტებებს აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, 2020 წლის 26 თებერვლის #337 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის/სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი დაწესებულებებისთვის, დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან) სათანადო ასიგნებების გამოყოფა.

„ამასთან ერთად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო, მათ შორის, განსაკუთრებით შემოსავლების სამსახურის მთელი სისტემა, აქტიურადაა ჩართული ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის საბაჟო გამშვები პუნქტები (მათ შორის აეროპორტები/სახმელეთო გადასასვლელები/რკინიგზის სადგურები/საზღვაო პორტები) სრულადაა აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო სახარჯი მასალებით, მათ შორის, სამედიცინო დოლბანდებით, ბახილებით, სამედიცინო ხსნარებით, კომბინიზონებით, სამედიცინო ხალათებით, ასევე, დისტანციური (უკონტაქტო) თერმომეტრებით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით, 24-საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს.

ჩვენი საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის დღეს არსებული მარაგები არის სრულიად საკმარისი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის შესყიდვას, რომელზედაც დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ არ ამოიწუროს არსებული მარაგები და არ შეფერხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მისი მართვის ღონისძიებები“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან.

„მნიშვნელოვანია, რომ დამატებით მოხდება 9 საბაჟო-გამშვები პუნქტის აღჭურვა თერმოსკრინინგის კამერებით.

შესაბამისად, ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუმზადებელი შეხვდა პროცესს, არის ტყუილი.

მაშინ, როდესაც ამ ახალ გამოწვევასთან ბრძოლის მიმართულებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ვფიქრობთ, უპასუხისმგებლოა საკუთარი ვიწროპარტიული მიზნებისთვის იმდაგვარი განცხადების გაკეთება, რომელიც ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელებასა და აზიანებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა