„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საპროტესტო აქციებზე დაკვირვების მეორე ანგარიშს აქვეყნებს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორები 1-ელი თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით თბილისში, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებულ პოლიტიკური შინაარსის 8 აქციას დააკვირდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდან“ (DRI) აცნობეს, იანვრთან შედარებით, თებერვალში საპროტესტო აქციების რაოდენობა შემცირდა.

მათივე ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებული აქციები ძირითადად კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად მიმდინარეობდა. თებერვალში ჩატარებული აქციების მიმდინარეობისას დემონსტრანტები არ დაუკავებიათ, რის გამოც სასამართლო პროცესების მონიტორინგი არ ჩატარდა.

„რამდენიმე შემთხვევაში აქციაზე დამსწრე სამართალდამცავთა რაოდენობა აქციაში მონაწილეთა რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამკვირვებლებმა აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე რამდენჯერმე შენიშნეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირთა ჯგუფი, რომელთა ხშირი და უშუალო კომუნიკაცია სამართალდამცავებთან, იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ აღნიშნული პირები თავადაც სამართალდამცავ სტრუქტურებს წარმოადგენდნენ.

თებერვლში, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა და სპეციალური საშვის მქონე პირთა შესვლა შეზღუდული იყო. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა შესაბამისი საშვის მქონე მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლის შესაძლებლობა სამ შემთხვევაში არ მისცეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული,„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის’’ მონიტორების დაკვირვებით, თებერვალში ჩატარებული აქციები მონაწილეთა რაოდენობის და შეკრების მშვიდობიანი ხასიათის გათვალისწინებით, არ ქმნიდნენ საფრთხეს, რაც აუცილებელს გახდიდა სამართლებრივი სიკეთის დასაცავად პარლამენტის შენობაში მოქალაქეების დაშვების შეზღუდვას. საფრთხის არარსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ადგილზე მყოფმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რასთან დაკავშირებით იყო შენობაში შესვლა შეზღუდული.

„გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების/წესრიგის დარღვევის რეალური და კონკრეტული საშიშროება, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ პარლამენტის შენობაში შესაბამისი საშვის მქონე პირთა დაშვების შეზღუდვას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და უფლების შეზღუდვის არაპროპორციულ ზომას წარმოადგენდა.

ერთ შემთხვევაში, 18 თებერვალს, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართულ შეკრების რეგულირების დროს, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიება - საზოგადოებრივ სივრცეში შესასვლელი გზის სრულად ბლოკირება, თავისი ხასიათით, არ იყო აუცილებელი და პროპორციული, ვინაიდან პოლიციის მიერ სავარაუდოდ ნაგულისხმევი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების“ მიზნის მიღწევა სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებითაც თავისუფლად შეიძლებოდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 25 თებერვალს, როდესაც ბიზნესცენტრთან მეორე აქცია ჩატარდა, გვირაბის შესასვლელის ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს, ერთი მხრივ, თბილისის ბოტანიკური ბაღის, ხოლო, მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის შესასვლელს, პოლიციას აღარ გადაუკეტავს.

საპროტესტო აქციების მონიტორინგისას ასევე გამოიკვეთა შეკრებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის თაობაზე პირთა ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობა. ცალკეულ აქციებზე დემონსტრანტებმა საჯარო დაწესებულებების შენობებზე გააკრეს პოსტერები და სურათები, მოხატეს ტროტუარები, ადგილი ჰქონდა ნივთისთვის სიმბოლურად ცეცხლის წაკიდების ორ შემთხვევასაც, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ შექმნილა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის რეალური საფრთხე“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ანგარიშის სრული ვერსია შეგიძიათ იხილოთ ბმულზე.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა