ბორჯომში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან - თემურ მღებრიშვილთან და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, ბორჯომში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესო ამირანაშვილი.

,,დღეს ქალაქ ბორჯომში გაიხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა. ეს შენობა აშენდა და კეთილმოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ოთხი ახალი შენობის მშენებლობა, რომელთაგან ერთ-ერთი უმოკლეს ხანში შევა ექსპლუატაციაში. მეხანძრე-მაშველის პროფესია არის უაღრესად რთული და რისკებთან დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით, სამსახური ცდილობს, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს და ყველა პირობა შექმნას, რათა ამ ადამიანებმა მოახერხონ და ღირსეულად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტს შინაგან საქმეთა სამინიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქალაქ ბორჯომის სამმართველოს ახალი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, ქალაქ ბორჯომში სახანძრო-სამაშველო შენობა არ არსებობდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი განყოფილება სხვადასხვა დანიშნულების შენობებში იყო განთავსებული.

„ორსართულიან შენობაში მოწყობილია 4 სპეცმანქანაზე გათვლილი სპეციალური სადგომი და იგი უზრუნველყოფილია 10-ტონიანი სარეზერვო წყლის სისტემით.

ახალ შენობაში მეხანძრე-მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და მოსასვენებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი - თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და საძინებელი ოთახები, სპორტული დარბაზი, ასევე, სამზარეულო და სასწავლო ოთახი, რომელიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქალაქ ბორჯომის სამმართველოს შენობაში, სახანძრო-სამაშველო ძალების გარდა, ამავე სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფიც განთავსდა.

ღონისძიებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბორჯომის სამმართველოს ავტოპარკს უახლესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, "მაგირუსის" მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა გადასცა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტს და საჭიროების შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის მხარეს სრულად მოემსახურება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს