განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე, 16 მარტის შემდეგ არდადეგების გახანგრძლივება არ იგეგმება

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, 16 მარტის შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივება არ იგეგმება. ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეკომენდაცია იქნება, უწყება ამას გაითვალისწინებს. დგებუაძის განმარტებით, სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

„განათლების სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. როგორც თქვენთვის ცნობილია, რეკომენდაციის ფარგლებში 16 მარტამდე გახანგრძლივდა არდადეგები საჯარო და მათ შორის, კერძო სკოლებში.

დადგენილების საფუძველზე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებშიც ასევე შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და 16 მარტამდე არ განახლდება. ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს ყველა დაწესებულების დეზინფექცია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვმუშაობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. გვაქვს გეგმა, როდესაც რეკომენდაციების საფუძველზე ის სტანდარტი უნდა დავიცვათ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს. ვიწყებთ სკოლების დახმარებას, რომ მუდმივ რეჟიმში მოახდინონ სანიტარია, ჰიგიენა და მოაწესრიგონ სასწავლო სივრცე, ასევე საპირფარეშოები. ჯერ არ განვიხილავთ 16 მარტს სასწავლო პროცესის გადადებას. ამას სიტუაცია გვიჩვენებს. როგორც აღვნიშნე, ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ საჭიროება იქნება და ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საფრთხის ქვეშ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ აღმოჩნდეს“, - განაცხადა დგებუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა