ხათუნა თოთლაძე  საქართველოში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე საქართველოში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ანგარიშისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-9 და მე-10 პერიოდული ანგარიშის წარდგენის შესახებ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოებში ეროვნული ანგარიშების წარდგენის საკითხს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ჩართულობით, ორივე ანგარიშის მომზადება უკვე ფინალურ ფაზაშია. ანგარიშების პროექტები ასევე გაეგზავნება საქართველოში მოქმედ შესაბამისი პროფილის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სახალხო დამცველის აპარატს, მათი მოსაზრებების გაზიარების მიზნით.

ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, რომ ანგარიშების მომზადება უახლოეს პერიოდში დასრულდება და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორივე ანგარიშის პროექტი წარედგინება საქართველოს მთავრობას, ხოლო მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად განსახილველად. მისივე თქმით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ორივე ანგარიში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარედგინება გაეროს შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) პროცესში გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებიდან მიღებული რეკომენდაციების შესრულებას. მისივე თქმით, მიღებული რეკომენდაციები აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმებში, მათი ეფექტიანად აღსრულების მიზნით. მიღებული რეკომენდაციები ასევე ეგზავნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მათი უწყებრივ სამოქმედო გეგმებში გათვალისწინების მიზნით.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ანგარიშების მომზადების პროცესში წარმომადგენლობის ჩართულობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მხარეები მომავალშიც გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

თავის მხრივ, ვლადიმერ შკოლნიკოვმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოებში წარსადგენი სახელმწიფო ანგარიშების მომზადების პროცესის კოორდინაციისთვის და დაადასტურა თავისი მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) არის ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმი, რომლის ფარგლებში, გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე, ადამიანის უფლებათა საბჭო ყოველ 5 წელიწადში ერთხელ განიხილავს თითოეულ სახელმწიფოში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობას. საქართველოს სახელმწიფო ანგარიშის განხილვა დაგეგმილია მიმდინარე წლის ნოემბერში, რომელშიც უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა