სახელმწიფო რწმუნებული ფოთში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთში მიმდინარე პროექტები ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, სახელმწიფო რწმუნებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მოისმინა.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა, ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საფეხმავლო გზისა და ველობილიკის მოწყობა, ჯებირების რეკონსტრუქცია, დასასვენებელი ნაგებობების, ვეტერანთა სახლის, მინი სპორტული სტადიონისა და 270 მაყურებელზე გათვლილი, ჩოგბურთის კორტის მშენებლობა.

„სამუშაოების ღირებულება 1 841 155 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში კი კუნძული სანაპირო ზოლზე საავტომობილო გზა და გარე განათება მოეწყო.

ალექსანდრე მოწერელია ასევე იმყოფებოდა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, სადაც სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე განხორციელდა სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, შიდა ფასადის რემონტი, რეაბილიტირდა ვენტილაციისა და გაგრილების სისტემები.

მეორე ეტაპზე დაგეგმილია შენობის გარე ფასადის რემონტი. თეატრის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 796 000 ლარია.

სახელმწიფო რწმუნებული და ქალაქის მერი ასევე გაეცნენ ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. მდინარე კაპარჭას და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განხორციელებულა. ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭას წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, თევზის ენდემური სახეობების შენარჩუნებას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია, იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, განხორციელდება. ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა.

სახელმწიფო რწმუნებული დღესვე, ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და ქსელის მშენებლობის პროცესს გაეცნო. პროექტებისთვის ჯამურად 130 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები ითვალისწინებს 145 კმ საკანალიზაციო ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ბოლოს ალექსანდრე მოწერელიამ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ სამუშაო შეხვედრა ფოთის მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებთან გამართეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა