ანრი ოხანაშვილი ჯიმ რიშის განცხადებაზე - მზად ვართ, რომ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან დამატებით დისკუსია და ინფორმაციის მიღება უზრუნველვყოთ

მზად ვართ, რომ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან დამატებით დისკუსია და ინფორმაციის მიწოდება უზრუნველვყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, არ შეიძლება პოლიტიკური თამაშის წესებით უკარნახო მართლმსაჯულებას.

„ჩვენი ამერიკელი კოლეგები ეხმაურებიან იმ შეთანხმებას, რომელიც მიღწეულია ოპოზიციურ ჯგუფებსა და მმართველ პარტიას შორის და ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. ეს არის დასაფასებელი ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები და მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის შემდგომ გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. მთავარი არის შემდეგი, რომ ჩვენ მათთან მჭიდრო კომუნიკაცია გავაგრძელოთ, თუ კიდევ დამატებით ინფორმაცია არის საჭირო, მივაწოდოთ, მათ შორის, იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც უძღოდა წინ ამ შეთანხმებას და ზოგადად, შეთანხმების პროცესთან დაკავშირებით შეგვიძლია დამატებით ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ რაიმე ფორმით არ იყოს ვინმეს მხრიდან აღქმა, რომ ეს საკითხი იყო შეთანხმების დღის წესრიგის მთავარი საკითხი. ამიტომ ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ კოლეგებთან და მათთან გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია. არც ამერიკაში, არც ევროპაში არც ერთ დემოკრატიულ ცივილიზებულ სახელმწიფოში არ ხდება პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში. ჩვენ უნდა დავაშოროთ ეს ორი მნიშვნელოვანი სფერო - არ შეიძლება პოლიტიკის დღის წერიგით და პოლიტიკური თამაშის წესებით უკარნახო მართლმსაჯულებას, როგორ უნდა განხორციელდეს. ჩვენ ეს დავნერგეთ და ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ ამაზე, რომ ასეთი საკითხები არ დაისვას. მიუხედავად ამისა, მზად ვართ რომ ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან დამატებით დისკუსია და ინფორმაციის მიღება უზრუნველვყოთ,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აშშ-ის სენატორები, ჯიმ რიში და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მმართველ უმარავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ მისი იმპლემენტაცია მოხდება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილემ შეთანხმებას მიაღწია და ველით, რომ მომავალი კვირების და თვეების მანძილზე მისი იმპლემენტაცია მოხდება. მიმდინარე წლის დასაწყისში, მე და სენატორმა შაჰინმა პრემიერ გახარიას მივწერეთ, რათა ჩვენი შეშფოთება გამოგვეთქვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას რჩევა მივეცით შეეჩერებინათ ქვეყნის უკუსვლა დემოკრატიის გზაზე. მიხარია აღვნიშნო, რომ ეს შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დემოკრატიის და კარგი მმართველობისკენ.მაშინ, როდესაც საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, უმნიშვნელოვანესია, რომ ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს“,-ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში. ამასთან, რიში იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოტივით დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი