ლადო პაპავა - მთავრობის გეგმას დადებითად ვაფასებ - პრემიერი, ეკონომიკური გუნდი კომუნიკაციას არ მოერიდა, კარგი იქნება თუ ეროვნული ბანკიც მათ მიბაძავს

პროფესორი ლადო პაპავა მთავრობის ეკონომიკური სტიმულირების გეგმას დადებითად აფასებს. როგორც პაპავამ "ინტერპრესნიუსს" საკითხის კომენტირებისას განუცხადა, გამორიცხული არაა, სამომავლოდ დამატებითი ზომების მიღება გახდეს საჭირო.

“მთავრობის გეგმას, რომელიც დღეს მოვისმინეთ დადებითად ვაფასებ. პრაქტიკულად ეს გეგმა არის ზუსტად ის, რაც ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკას სჭირდება. კრიზისი, რომელიც ახლა გლობალური ხასიათისაა განაპირობა არა იმდენად ეკონომიკამ, რამდენადაც თვითონ პანდემიამ, ამიტომ იმის ბოლომდე პროგნოზირება, რა მოხდება ეკონომიკაში შეუძლებელია. ამ ეტაპზე ის პრევენციული ზომები, რომლებიც მთავრობამ შეიმუშავა მისასალმებელია. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე ეკონომიკური გუნდის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს ყველაფერზე რისი თქმაც მათი მხრიდან აუცილებელი იყო, ისინი კომუნიკაციას არ მოერიდნენ და კარგი იქნება თუ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც მიბაძავს მთავრობას, რომ მაქსიმალურად კომუნიკაცია დაამყაროს საზოგადოებასთან” ,-აღნიშნა პაპავამ.

მისივე თქმით, დღეს სოლიდარობა ყველაზე მთავარია.

ლადო პაპავა ასევე დადებითად აფასებს ფონდ "ქართუს" მზაობას, რომ მთავრობის დასახმარებლად ფინანსური რესურსი გამოყოს.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკაზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად შეიმუშავა. გეგმის თანახმად, 4 ნომრიდან 50 ნომრამდე მცირე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს. მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით, წლის ბოლომდე ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი. სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ. 2020 წელს დაგეგმილი დღგ-ს დასაბრუნებელი თანხა-600 მილიონი ლარი, გაორმაგდება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ. ფიზიკური პირები კი აუცილებლობის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში სესხის მომსახურეობის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ბიზნესოპერაციები მობილური ტელეფონით - ტერაბანკის მობაილბანკი ბიზნესისთვის
ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო მომსახურება - კოლიერსის და MMS-ის ერთობლივი პროდუქტი
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა