დავით უსუფაშვილი ეკონომიკური სტიმულირების გეგმაზე - ის იშვიათი შემთხვევაა, როცა „ლელოს“ მიერ გაჟღერებული საჭიროებები და ინიციატივები უმეტესწილად ასახულია მთავრობის პროგრამაში

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა „ლელოს“ მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამ მიმართულებით გაჟღერებული საჭიროებები და ინიციატივები უმეტესწილად ასახულია მთავრობის პროგრამაში , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ მთავრობის ეკონომიკური გეგმის შეფასებისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობასთან რაიმე კომუნიკაცია არ ჰქონიათ, თუმცა, მათი ინიციატივები იყო საჯარო და სწორედ მთავრობას მიემართებოდა. მისივე თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმის ძირითად ნაწილს, „ლელოს“ მხარდაჭერა აქვს.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ყოველგვარი პოლიტიკური საარჩევნო სპეკულაციების გარეშე შესრულდეს.

„ეს თემა კორონავირუსი და ამით გამოწვეული ხიფათები და ზარალი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის არის ის შემთხვევა, როცა პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა. „ლელოს“ შესაბამისმა პირებმა ამ კვირის განმავლობაში კონკრეტულად მიუთითეს როგორც საბანკო შეღავათების და გადავადებების აუცილებლობაზე, ისე ფინანსური სარეზერვო ფონდის შექმნის აუცილებლობაზე და კონკრეტული მოქალაქეებისთვის ამ ტვირთის შემსუბუქებაზე. ამაზე უკვე მეორე კვირაა ვსაუბრობთ და კარგია, რომ მთავრობამ მოუყარა თავი ამ იდეებს - საკუთარსაც, სხვისასაც და აქცია დოკუმენტად, ახლა კარგია, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს და შესრულდეს ყოველგვარი პოლიტიკურ საარჩევნო სპეკულაციების გარეშე. „ლელო“ კორონავირუსთან დაკავშირებით გამორიცხავს ყველა ტიპის რაიმე ელექტორალურ პოლიტიკურ მოქმედებებს,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, განსხვავებების მიუხედავად, პრობლემასთან ერთიანი ბრძოლაა საჭირო, ამ მხრივ უსუფაშვილი მთავრობისგან მეტ ინიციატივას ელოდება.

„ახლა მთავარია, რომ საქართველოში, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ ქვეყანას ჰყავს პატრონი მთავრობის სახით , რომელიც ებრძვის ვირუსის გავრცელებას, ზრუნავს დაინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობაზე და ზრუნავს ვირუსის გამო გამოწვეული შეფერხებების რაც შეიძლება უმტკივნეულოდ აღმოფხვრაზე, იქნება ეს ბიზნეს სექტორი, სასკოლო, უმაღლესი სასწავლებლები თუ უამრავი სხვა სეგმენტი, რომელსაც სამწუხაროდ, ეს ყველაფერი შეეხო და თან, ჯერ კიდევ არ ვიცით, უარესი გავლილი გვაქვს თუ ჯერ კიდევ გასავლელი. ერთი ზოგადი რჩევა, რაც მექნებოდა მთავრობის მიმართ, არის ის, რომ შეეცადოს და მოახერხოს ყველა რესურსის, ძალების და ინსტრუმენტების გამოყენება ამ საერთო პრობლემის წინააღმდეგ. აქ ვგულისხმობ როგორც საჯარო და კერძო სექტორის სინქრონულ ურთიერთობებს, ისე სპეციალისტების, იმ ადამიანების, ვისაც მოსახლეობასთან ურთიერთობა გვაქვს, რომ ჩვენ გვქონდეს განცდა, რომ მთავრობა ამ კონკრეტულ ვითარებაში გლობალურ-ეროვნულ პრობლემას ებრძვის სრულიად ეროვნული ძალების მობილიზებით და აქ არ იქნება იმაზე საუბარი, თუ ვისი იდეა იყო პირველად. კორონავირუსთან ბრძოლაში ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიგრძნოთ, რომ ერთიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ჩვენი განსხვავებების მიუხედავად შეგვიძლია საერთო პრობლემას ერთად გავუმკლავდეთ. მთავრობისგან ამ მიმართულებით მეტი ინიციატივა და მეტი ენთუზიაზმი არ იქნებოდა ურიგო, რომ ყველას, ვისაც რაიმე წვლილის შეტანა შეუძლია ამ პრობლემასთან ბრძოლაში, ამის საშუალება ჰქონდეს, აქ იქნება კონკრეტული ინიციატივები და გვესმის ასეთი, მაგალითად, საფეხბურთო თუ რაგბის თამაშზე ვისაც ბილეთი ჰქონდა ნაყიდი და ვეღარ დაესწრება ბევრი ამბობს, რომ ნუ დაგვიბრუნებთ ამ თანხას და გადავცეთ ის ფრონტის წინახაზზე მდგომ მედ-პერსონალს. არის ასეთი ბევრი ინიციატივა, რომელთა არსებობა მორალურადაც გვამაგრებს და კონკრეტულ სარგებელსაც მოიტანს, მთავრობა ახლა ყველა ღონით უნდა შეეცადოს ერთიანობა მეტად გვაგრძნობინოს და ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას. ცხადია, ეს არ გამორიცხავს კრიტიკას და კითხვებს, რაც რა თქმა უნდა, არის და იქნება, მაგრამ „ლელოს“ მხრიდან ეს იქნება მხოლოდ კონკრეტული შედეგის მისაღწევად და არა მთავრობის უარყოფითი სახის საჩვენებლად. ამისთვის ჩვენ ბევრი სხვა ასპარეზი გვაქვს და გვექნება“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა