ლადო პაპავა - დღეს ეკონომიკა მედიცინის „მძევალია“

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, კორონავირუსი მძვინვარებს მსოფლიოში და ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება ამის გამო მსოფლიოში და ჩვენთანაც. ისეთი პირი უჩანს, რომ მსოფლიოს კიდევ რამოდენიმე ხანი მოუწევს პანდემიასთან ბრძოლის რეჟიმში ცხოვრება.

ვხედავთ იმასაც, რომ პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის თვალსაზისით საქართველომ, ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, საკმაოდ კარგად მართა და უმკლავდება კრიზისულ ვითარებას. მეტიც, რეალურად შეძლო იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, რაც პრევენციაზე იქნებოდა ორიენტირებული.

თქვენ როგორ შეაფასებდით, საქართველოს ხელისუფლების, ჩვენი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას იმ ვითარებაში, რომელშიც კორონავირუსის გავრცელების გამო ლამის მთელი მსოფლიო და შესაბამისად საქართველოც აღმოჩნდა?

- ძალიან კარგი შეფასება გააკეთეთ. ჩვენზე უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორებიცაა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, თუ ესპანეთი ჩვენზე ბევრად უფრო დიდი რესუსი და ჯანდაცვის სექტორიც უფრო განვითარებული აქვთ.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა მწირი რესურსის პირობებში, საკმაოდ კარგად ართმევს თავს შექმნილ უმძიმეს ვითარებას. სახეზეა, რომ გიორგი გახარიას და მის მთავრობას კრიზის-მენეჯმენტის საკმაოდ მაღალი უნარი აღმოაჩნდა, რაც მისასალმებელია.

საქართველოს მთავრობა მწირი რესურსის პირობებში, საკმაოდ კარგად ართმევს თავს შექმნილ უმძიმეს ვითარებას. სახეზეა, რომ გიორგი გახარიას და მის მთავრობას კრიზის-მენეჯმენტის საკმაოდ მაღალი უნარი აღმოაჩნდა, რაც მისასალმებელია

განსაკუთრებული მადლობა კი ეთქმის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ბატონ ამირან გამყრელიძეს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს და მთლიანად ქართველ ინფექციონისტთა გუნდს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებშიც. მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, შესაბამისი პროფილის საავადმყოფოების შენობები ყოველთვის ვერ არის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ქართველ ექიმთა მაღალი პროფესიონალიზმი სახეზეა და ეს, ამ უმძიმეს ვითარებაში განსაკუთრებით დასაფასებელია.

მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, შესაბამისი პროფილის საავადმყოფოების შენობები ყოველთვის ვერ არის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ქართველ ექიმთა მაღალი პროფესიონალიზმი სახეზეა და ეს, ამ უმძიმეს ვითარებაში განსაკუთრებით დასაფასებელია

- ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მაგრამ, ვხედავთ, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მართლაც მიმართულია იმისკენ, რომ ზედმეტი აკრძალვების გარეშეც მიღწეულ იქნას ის შედეგი, რაც კორონავირუსის გავრცელებას მინიმუმამდე დაიყვანდა.

ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, თუ რა დღეში შეიძლება აღმოვჩენილიყავით, რომ არ გვქონდეს ლუგარის ლაბორატორია. არადა, გვახსოვს თუ რა განცხადებებს აკეთებდა იმავე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო...

- საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ძალზედ შეზღუდავს მოქალაქეთა თავისუფლებას, ამიტომ მთავრობამ მიიღო აბსოლუტურად სწორი გეგმა, რომლის თანახმადაც სიტუაციის გართულების კვალადაკვალ ეტაპობრივად ზღუდავს ამა თუ იმ სფეროს.

ჯერჯერობით ამ კუთხით რაიმე სასაყვედურო მთავრობის მიმართ ნამდვილად არაფერი გვეთქმის. იმედია, მთავრობა მომავალიც შეძლებს სიტუაციის გაკონტროლებას.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, დღეს ყველა სკეპტიკოსმა, თუ კრიტიკოსმა დაინახა ლუგარის ლაბორატორიის უდიდესი მნიშვნელობა. ხოლო ის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთლიანად რუსეთის ხელისუფლება მტრულადაა განწყობილი არა მარტო ამ ლაბორატორიის, არამედ მთელი საქართველოს მიმართ, ეს ჩვენთვის დიდი ხანია კარგადაა ცნობილი...

დღეს ყველა სკეპტიკოსმა, თუ კრიტიკოსმა დაინახა ლუგარის ლაბორატორიის უდიდესი მნიშვნელობა. ხოლო ის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთლიანად რუსეთის ხელისუფლება მტრულადაა განწყობილი არა მარტო ამ ლაბორატორიის, არამედ მთელი საქართველოს მიმართ, ეს ჩვენთვის დიდი ხანია კარგადაა ცნობილი

- ფაქტია, რომ ახლა პანდემიის გამო გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების თემა, ყველაზე აქტუალურია. კორონავირუსის გავრცელებამდე ჩინეთი დღეში 15 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარდა, ახლა მხოლოდ 3 მილიონ ბარელს მოიხმარს.

მნიშვნელოვნად შემცირებულია სამუშაო დრო ევროპის ქვეყნებში. ამერიკამ უარი თქვა ევროპიდან და ჩინეთიდან თვითმფრინავების მიღებაზე. თუმცა ტვირთების გადაზიდვა მაინც ხორციელდება.

ყველაფერ ამის ფონზე ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ საქართველოს საბანკო სისტემამ გადადგა საკმაოდ კარგი ნაბიჯები, ხოლო შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ. როგორ შეაფასებდით პანდემიის გამო წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად ქვეყნის საბანკო სისტემისა და ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და გადასადგმელ ნაბიჯებს?

- ის, თუ რა ზარალს ნახავს მსოფლიოს თუ საქართველოს ეკონომიკა, ეს უფრო მარჩიელობის სფეროა, რადგანაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის „ფესვები“ არა ეკონომიკაში, არამედ მედიცინაშია, ხოლო ეს უკანასკნელი ჯერჯერობით უძლურია კორონავირუსის დამარცხების ვადებთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად რეალისტური პროგნოზი გააკეთოს.

ამ სირთულის გათვალისწინებით შრი-ლანკელმა პროფესორმა აჯით დე ალვისმა ახალი ტერმინიც კი შექმნა იმ ფენომენის აღსანიშნავად, როცა ეკონომიკა აღმოჩნდა პრინციპულად ახალ ვითარებაში. კერძოდ, ეკონომიკა სრულადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება მედიცინა კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ. ეს ტერმინია - „კორონომიკა“. ასე, რომ დღეს მსოფლიო ეკონომიკა მედიცინის „მძევალია“.

კარგია, რომ საბანკო სექტორი და მთავრობა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, თუ ვინ დაასწრებს დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაციის შემსუბუქებას. განსაკუთრებით მისასალმებელია ბანკების ქმედება, რადგანაც აქამდე ისინი მეტწილად ადამიანთა გაღატაკება-გაუბედურებაში უფრო იყვნენ დადანანაშაულები, თუმცა არა ყოველთვის სამართლიანად...

კარგია, რომ საბანკო სექტორი და მთავრობა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, თუ ვინ დაასწრებს დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაციის შემსუბუქებას. განსაკუთრებით მისასალმებელია ბანკების ქმედება, რადგანაც აქამდე ისინი მეტწილად ადამიანთა გაღატაკება-გაუბედურებაში უფრო იყვნენ დადანანაშაულები, თუმცა არა ყოველთვის სამართლიანად...

- პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა - ხელისუფლებას აქვს რესურსი საიმისოდ, რომ გაუკმლავდეს ეკონომიკურ გამოწვევებს, მაგრამ დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, კარგია, რომ პანდემიის გამო წარმოქმნილ ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად ხელისუფლების მიერ გაცხადებული გეგმები საბიუჯეტო სახსრებით არ მოხდება, ისინი საშუალო და მცირე ბიზნესის იმ 18 ათას სუბიექტების ფისკალურ ნაწილს შეეხება, რაც კარგია, რადგან ხელისუფლების მიერ ფულის ხარჯვა უარყოფითად აისახებოდა ლარის კურსზე.

თქვენი დაკვირვებით, ეკონომიკის მხარდასაჭერად და სტიმულირებისთვის რამდენად საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგემა?

- 13 მარტს მთავრობამ წარმოადგინა ე.წ. „ანტიკრიზისული პროგრამა“, რასაც სრულად ვიზიარებ. იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც გითხარით, კორონავირუსის დაძლევის მომავალი ჯერჯერობით ბუნდოვანია, ამიტომ მთავრობამ შემოგვთავაზა ამ ეტაპისთვის გასატარებელი ღონისძიებების პაკეტი.

13 მარტს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ე.წ. „ანტიკრიზისულ პროგრამას“ სრულად ვიზიარებ

აქვე ბატონმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება მთავრობა დამატებით ღონისძიებებსაც შეიმუშავებს...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივლისის ჩათვლით ჩვენს სასტუმროებს აღარ ეყოლებათ სტუმრები, რომ ყველა ჯავშანი გაუქმებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად გაუჭირდება ტურისტულ ინდუსტრიას.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამ თვალსაზრისითაც საკმაოდ ბევრი ისაუბრა თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ტურისტული სფეროსათვის დახმარებას. თქვენი აზრით, რამდენად საკმარისი და ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ის ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ ტურისტული ინდუსტრიისთვის დახმარების გეგმად გამოაცხადა?

- ის, რომ მთავრობამ სრულად აუნაზღაუროს ეკონომიკის რომელიმე სექტორს და, მათ შორის ტურიზმსაც, დანაკარგები ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ნათია თურნავა სრულად ფლობს სიტუაციას ჩვენი ეკონომიკის მეტად მნიშვნელოვან ტურიზმის ინდუსტრიის სექტორში, რაც დამაიმედებელია...

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ნათია თურნავა სრულად ფლობს სიტუაციას ჩვენი ეკონომიკის მეტად მნიშვნელოვან ტურიზმის ინდუსტრიის სექტორში, რაც დამაიმედებელია

- ვიდრე ხელისუფლება პანდემიის გამო ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების თავის გეგმებს გაახმოვანებდა, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, გააკეთა განცხადება - საჭიროა მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი შეიქმნა, რომელიც ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას გადაატანინებს“.

პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ მარტო ხელისუფლების რესურსი არ იქნა საკმარისი ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად, ხელისუფლება საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის კერძო სექტორს, მათ შორის „ქართუ ბანკსაც“ მიმართავდა, რომელმაც თავის მხრივ ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ „საჭიროების შემთხვევაში“ დაეხმარებოდა ქართულ ეკონომიკას.

დამკვირვებელთა ნაწილმა „ქართუ ბანკის“ ეს განცხადება ამპარტავნულ განცხადებად და „საკუთარი თავის სახელმწიფოზე მაღლა დაყენებად“ მიიჩნია. მეტიც, მათივე თქმით, ამ განცხადების ნაცვლად, კარგი იქნებოდა, თუ „ქართუ ბანკი“ ეკონომიკის სტაბილიზაციის ფონდში კონკრეტულ თანხას ჩარიცხავდა, რომელსაც მთავრობა შექმნიდა და ეს სხვებისთვის მაგალითი იქნებოდა.

რამდენად მართებულია სამართლიანია „ქართუ ბანკის“ მიმართ ამგვარი რჩევა და თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა წვლილს შეიტანს ამ პროცესში „ქართუ ბანკი“?

- ფონდის შექმნის იდეა დიდად არ მომწონს, რადგანაც მას აუცილებლად დასჭირდება დამატებითი ადმინისტრირება შესაბამისი საკადრო აპარატით. უკეთესია თავად მთავრობამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით.

ფონდი „ქართუ“-ს ინიციატივა მისასალმებელია, და კარგი იქნება თუ სხვა კერძო სტრუქტურებიც მიბაძავენ მას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში.

ფონდი „ქართუ“-ს ინიციატივა მისასალმებელია, და კარგი იქნება თუ სხვა კერძო სტრუქტურებიც მიბაძავენ მას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში

- ხელისუფლების ამ ინიციატივებს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა საქართველოს მასობრივი შიმშილი ემუქრება. იგი მიზეზად იმას ასახელებს, რომ ემიგრაციაში წასული ხალხი ფულად გზავნილებს ვერ გამოაგზავნიან.

თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ქვეყანაში არა ფულადი გზავნილების, არამედ სურსათის ნაკლებობის პრობლემა აღმოჩნდეს, ვინაიდან ჩვენში პროდუქტების 70-80% შემოტანილია.

თქვენი აზრით, უნდა გადადგას თუ არა ნაბიჯები ხელისუფლებამ და კერძო ბიზნესმა საიმისოდ, რომ ქვეყანაში პროდუქტის დეფიციტი არ გაჩნდეს?

- მიხეილ სააკაშვილის განცხადებებში, სამწუხაროდ, ახალი არაფერია. მის მიერ სიტუაციის გამუქება ემსახურება მოსახლეობაში პანიკის შექმნას და მთავრობისადმი უნდობლობის გაძლიერებას. ფაქტია, რომ ის აშკარა დესტრუქციულ ძალად ჩამოყალიბდა.

ის, რომ ინფექციური საავადმყოფო, რომლის მნიშვნელობაც დღეს ყველამ კარგად დავინახეთ, დარჩა საკუთარი შენობის გარეშე, ეს, ხომ სააკაშვილის მთავრობის „დამსახურებაა“, რომელიც დაუფიქრებლად ახორციელებდა ყველაფრის, სადაც კი ხელი მიუწვდა პრივატიზაციას.

ინფექციური საავადმყოფო დღეს ქირაობს მისივე ყოფილ შენობას, ხოლო ამ შენობის ახალი მესაკუთრე მას ხელს უშლის ამ შენობის გარემონტებას. აი, ამ მავნებლური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა დღეს ჩვენი ქვეყანა.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს. ფულადი გზავნილების შემცირება გარდაუვალია, რადგანაც იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც ჩვენი მოქალაქეები არიან წასულები ჩვენი თანამოქალაქეები პანდემიის გამო თითქმის გაჩერებულია ეკონომიკა, რაც იმას ნიშნავს, მათი შემოსავლებიც შემცირებულია და ისინი უფრო თვითგადარჩენის რეჟიმზე არიან გადასულნი. ამ ვითარებაში მათ მიერ საქართველოში გამოსაგზავნი თანხენიც შემცირდება.

ფულადი გზავნილების შემცირება გარდაუვალია, რადგანაც იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც ჩვენი მოქალაქეები არიან წასულები პანდემიის გამო ეკონომიკა თითქმის გაჩერებულია

რაც შეეხება სურსათს, აქ პრობლემა ნაკლებად შეიქმნება, თუ ჩვენი მოსახლეობა შეგნებულად მოიქცევა და გაუმართლებელი მარაგების შექმნის შედეგად თავად არ გამოიწვევს სასურსათო დეფიციტს.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის, თუ რამდენ ხანს გასტანს კორონავირუსული პანდემია არავინ იცის, ამიტომ განუსაზღვრელი დროით მარაგების შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. დღეს დახლების დაცარიელებით ჩვენ თვითონვე ვავნებთ საკუთარ თავს, თუნდაც იმით, რომ ხელოვნურად ხელს შევუწყობთ სურსათზე ფასების გაზრდას.

დღეს დახლების დაცარიელებით ჩვენ თვითონვე ვავნებთ საკუთარ თავს, თუნდაც იმით, რომ ხელოვნურად ხელს შევუწყობთ სურსათზე ფასების გაზრდას

- გასულ კვირას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შოროს კონსულტაციები შეთანხმებით დასრულდა. მართალია, ამ პროცესში უდიდესი როლი ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შეასრულეს, მაგრამ როგორადაც არ უნდა იყოს, მომხდარს ყველა წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით, საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- რა თქმა უნდა, ეს ამ ეტაპზე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისათვის კარგი შედეგია. დიდი მადლობა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა პოზიტიური შედეგის მიღება.

დიდი მადლობა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა პოზიტიური შედეგის მიღება

ახლა მთავარია მოცემული ცვლილებები აუცილებლად აისახოს კონსტიტუციაში და ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები.

- უკვე შეთანხმეული საარჩევნო სისტემით 2020 წლის არჩევნების შედეგებზე საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა - „საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით ოპოზიციის შანსები გაიზარდა, მაგრამ მიღებული პროპორცია 120-30-ზე, არც „ოცნებას“ ტოვებს გამარჯვების შანსის გარეშე“.

რჩება შთაბეჭდილება, რომ 2012 წლის შემდეგ პირველად, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ექნებათ თანაბარი შანსები. თუ ასე არაა, დღეს წინა წლებისგან განსხვავებით დაბეჯითებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ გაიმარჯვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შანსებს?

- „ნაციონალური ოპოზიციის“ შანსები ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად აგრესიულები იქნებიან წინასაარჩევნო პერიოდში. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ჩვენ წინაშე უფრო რევანშიზმით დამუხტული აგრესიული ოპოზიციაა „ნაცმოძრაობის“ და მისი განაყოფის - „ევროპული საქართველოს“ სახით.

ეს პოზიცია გამაგრებულია მათივე მხარდამჭერებით, რომლებიც ელოდებიან პოლიტიკურ და არა მარტო პოლიტიკურ რევანშს. თუმცა ეს რევანშისტული აგრესია ვერ გააფართოებს ამ პარტიების მხარდამჭერთა რიცხვს. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო აგრესიულები იქნებიან რევანშისტები, ეს მით უფრო გააძლიერებს „ქართული ოცნების“ პოზიციებს.

რევანშისტული აგრესია ვერ გააფართოებს რევანშისტულად განწყობილი პარტიების მხარდამჭერთა რიცხვს. რაც უფრო აგრესიულები იქნებიან რევანშისტები, ეს მით უფრო გააძლიერებს „ქართული ოცნების“ პოზიციებს

შექმნილ ვითარებაში „ქართული ოცნებისთვის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება მთავრობა „კორონომიკის“ პირობებში.

ერთპროცენტიანი ბარიერი კი ასპარეზს უქმნის ოპოზიციის ფართო სპექტრს, მათ შორის ახალდშექმნილ პარტიებსაც, რაც მხოლოდ და მხოლოდ, მისასალმებელია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა