რუსთავში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა  ორი სახის  ჯგუფი იქმნება

რუსთავში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეთა ორი სახის ჯგუფი იქმნება.

რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით რუსთავის მერი რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა. პირველი ოცკაციანი ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა და უკვე გადის საჭირო კონსულტაციებს, აღჭურვილი იქნება სპეციალური ეკიპირებით და ტრანსპორტით, რისთვისაც თანხა, რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. აღნიშნული ჯგუფი მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში გაჩენილი საჭიროების შემთხვევაში ამუშავდება. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, უკვე დაწყებულია ონლაინ რეგისტრაცია და მასში გაწევრიანება ყველა მსურველს შეეძლება.

„პირველი ჯგუფი, რომელიც შედარებით რთული დავალებების შესასრულებლად შევქმენით, უკვე დაკომპლექტებულია მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან. ამ შემთხვევაში, მოხალისეს უნდა დაეკმაყოფილებინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე შევიმუშავეთ. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ის იქმნება „სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის“ ინიციატივით. უკვე შექმნილია ონლაინ პლატფორმა სახელწოდებით - covid stopper, სადაც რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რუსთავი დაყოფილია 10 ტერიტორიულ ერთეულად და ეს ჯგუფიც სწორედ ამ პრინციპით დაიყოფა. მოხალისეები, ამ შემთხვევაში დაეხმარებიან ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც მაგალითისთვის, სარგებლობენ უფასო სასადილოებით და შექმნილი სიტუაციის გამო, ვერ ახერხებენ ადგილზე მისვლას. მოხალისეები მათ საკვებს და საჭირო მედიკამენტებს სახლში მიუტანენ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მოხალისეთა ჯგუფში რეგისტრაციის მსურველებს ონლაინ პლატფორმის ნახვა, რუსთავის მერიის ფეისბუქგვერდზე შეუძლია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს