აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აჭარაში თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

„ზოგადად, კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა. დღეს აჭარაში დაგვიდასტურდა იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მედიკოსები აკეთებენ ყველაფერს. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. მთლიანად მთავრობა მუშაობს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც გვაქვს. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ პანიკას, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ყველანაირი ქმედითი ღონისძიება გატარებულია და შესაბამისად ჩვენ ამ გამოწვევას მოვერევით და ღირსეულად ვუპასუხებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თვითიზოლაციის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გვქონდა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, არც ერთ შემთხვევაში არ დაარღვიონ წესები და ამით საფრთხე არ შეუქმნან როგორც მათ, ასევე განსაკუთრებით სხვების ჯანმრთელობას“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ამასთან, რიჟვაძემ თავი შეიკავა პასუხისგან, არის თუ არა დაინფიცირებული პირი აჭარის მცხოვრები. თუმცა, აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსის გავრცელების საშიშროება რეგიონში არ არის.

„ამ ადამიანთან დაკავშირებით გატარებულია ყველა პროტოკოლური ღონისძიება. ეს ადამიანი პირდაპირ გადაიყვანეს კარანტინში, შესაბამისად, გავრცელების რისკები მინიმალურია“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის 3 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. შესაბამისად, აჭარის შემთხვევაც სწორედ აღნიშნულ სტატისტიკაში შედის.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.

იხილეთ ვიდეო: აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო