ნათია თურნავა - ადგილზე მიტანის სერვისის კომპანიები მზად არიან, მოემსახურონ უფრო გაზრდილ ნაკადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადგილზე მიწოდების სერვისის კომპანიებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაცია მიეცათ, მაქსიმალურად გადავიდნენ ადგილზე მიტანის სერვისზე და შეწყვიტონ კლიენტების საკუთარ შენობებში მომსახურება.

„კომპანიებისგან მოვისმინეთ რამდენად აქვთ რესურსი, გაუმკლავდნენ გაზრდილ მოთხოვნას. დავრწმუნდით, რომ მაქსიმალურად მზად არიან, მოემსახურონ უფრო გაზრდილ ნაკადებს, გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ადამიანები ჩართონ სერვისის მიწოდებაში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, აღვუთქვით მაქსიმალური მხარდაჭერა. ვფიქრობთ, რომ რესტორნებთან ძალიან კონსოლიდირებულად იმუშავებენ და რესტორნებიც შეძლებენ არ შეწყვიტონ გაყიდვები და გადავიდნენ მომსახურების უფრო უსაფრთხო ფორმებზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ შეუფერხებლად შეძლებენ ადგილზე მიწოდების სერვისის უზრუნველყოფას. როგორც კომპანია „ვოლტის“ წარმომადგენელმა ნატალია ხიზანიშვილმა განაცხადა, კომპანია მზად არის დააკმაყოფილოს როგორც რესტორნების, ასევე სუპერმარკეტების მიმართულებით გაზრდილი მოთხოვნა.

„ჩვენ ასევე დავნერგეთ ისეთი ფუნქციონალი, როგორიცაა უკონტაქტო მიტანა, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კურიერისთვის“, - განაცხადა ნატალია ხიზანიშვილმა.

კომპანია „მენიუ ჯის“ დირექტორის თამარ არევაძის თქმით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო. მისივე თქმით, კომპანია სრულად არის მზად როგორც პროგრამულად, ასევე კურიერების რაოდენობის მხრივ, რომ არსებულ გამოწვევას უპასუხოს.

შეხვედრაში 15-მდე კომპანია მონაწილეობდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი და „საქართველოს ფოსტის“ დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა