ბათუმში ხვალიდან მიკროავტობუსების მოძრაობა დროებით შეჩერდება

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხვალიდან ბათუმში, ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, დროებით შეჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსები, როგორც შედარებით მცირე სივრცის მქონე ტრანსპორტი, ვირუსის გავრცელებისთვის მომატებული საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაიმართა შეხვედრა მიკროავტობუსების კომპანიებთან.

„გარდა ამისა, მუნიციპალურ ავტობუსებში იზღუდება კონტროლიორების მუშაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ. პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრთა დისტანცირება სპეციალური ლენტის საშუალებით მოხდება. ამასთან, მოქმედებაში იქნება მხოლოდ უკანა კარი.

რაც შეეხება მუნიციპალურ საბავშვო ბაღებს, შეიქმნება პროდუქტების კალათა, რომლის საშუალებითაც, ორშაბათიდან, 8000 აღსაზრდელის ოჯახი შეძლებს მათთვის განკუთვნილი პროდუქტის მიღებას მათივე საბავშვო ბაღებიდან.

ხვალიდან დაიწყება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების (რეგისტრირებული ამხანაგობების მიხედვით 850-მდე) სადარბაზოების ერთჯერადი სადეზინფექციო ღონისძიებები. დეზინფექციის განმეორებით ჩატარების მოთხოვნით მოსახლეობამ ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე უნდა დარეკოს: 577 49 59 59.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში გამოთავისუფლებულია სხვადასხვა ღონისძიებისთვის გათვალისწინებული სახსრები (ჯამში 700 ათასი ლარი), რაც, აჭარის ა. რ. მთავრობასთან კოორდინაციის საფუძველზე, მიმართული იქნება მოსახლეობის საჭიროებებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და ქალაქში გადაადგილებას გარდა განსაკუთრებული საჭიროებისა“,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა