თბილისის მერიამ ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის მერიამ ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილებები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააცნო.

„პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, დარჩით სახლში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით მომსახურების შეჩერების შესახებ.

რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც გადაადგილების უკიდურესი აუცილებლობა აქვთ, მათ მომსახურებას თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები უზრუნველყოფს.

ახლა კი მსურს, საზოგადოებას თბილისის მერიის კიდევ რამდენიმე პრევენციული გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო.

ჩვენი გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონულ მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადავა.

მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში, აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება მისაღებში ერთდროულად შესვლა.

მისაღებში მოქალაქეებს ნაცვლად პერსონალისა, დახვდებათ თემატური ბლანკები, რომელსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში განათავსებენ, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურები გაეცნობიან წერილს და მოახდენენ რეაგირებას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით სერვისების მიწოდება სრულად უკონტაქტოდ ვერ განხორციელდება, ვინაიდან ჩვენს თანამშრომლებს ხშირად უწევთ მოქალაქეების დახმარება წერილის შედგენასა და განაცხადის დაწერაში.

სწორედ ამიტომ, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს, რომელთაც ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მიმართულებით ესაჭიროებათ დახმარება.

ამასთან, ამიერიდან ტაქსების ლიცენზირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიღება, მხოლოდ ელექტრონული წესით იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში”, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა