ირაკლი ჩიქოვანი - რამდენიმე სპეციალური რეისი მოქმედებს იმისთვის, რომ საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება მოხდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რამდენიმე სპეციალური რეისი მოქმედებს იმისთვის, რომ საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება მოხდეს.

როგორც კორონავირუსთან დაავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, საკონსულოები მუშაობენ იმის დასადგენად, თუ სად იმყოფება უფრო დიდი რაოდენობით საქართველოს მოქალაქე და რეისების დაგეგმვა სწორედ ამის მიხედვით ხდება.

„ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ვინც არიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ და აქვთ სურვილი დაბრუნდნენ საქართველოში, მათ ხელი შევუწყოთ საქართველოში დასაბრუნებლად. მოქმედებს რამდენიმე კომერციული რეისი, რომელიც სრულდება საქართველოს დროშის ქვეშ მყოფი ავიახაზების მხრიდან. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ ამ რეისებს, ასევე საქართველოს დიპლომატიური და საკონსულოს წარმომადგენლები მთელი მსოფლიოს ირგვლივ ცდილობენ, განსაზღვრონ კონცენტრაციის ის ადგილები, რომელიც განსაკუთრებულად ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს აერთიანებს და გვაძლევს საშუალებას დავგეგმოთ, ვუთხრათ ჩვენს თანამემამულეებს, რომ კონკრეტული მიმართულებით გადაადგილდნენ და შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ საიდან განხორციელდება სპეციალური რეისები იმისთვის, რომ ჩვენი თანამემამულეები დავაბრუნოთ სახელმწიფოში“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, 70 წელს გადაცილებული იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სახლში ყოფნის რეკომენდაცია აქვთ, ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

„70 წელს გადაცილებული ჩვენი მოქალქეებისთვის, რომლებსაც მივეცით რეკომენდაცია, დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად იყვნენ იზოლირებულები და რომლებიც არიან მარტოხელები, ასევე სოციალურად დაუცველები, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდებას ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არა დაემუქროს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა