საქართველოში  სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და საფოსტო ქსელის გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის. „მოგეხსენებათ, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და გადავდივართ ახალ, შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მთავრობის მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს. ჩვენ, თავის დროზე, შევწყვიტეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა, შევწყვიტეთ სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დავხურეთ საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ რისკის შემცველები ვირუსის გარედან შემოტანის თვალსაზრისით, მაგრამ დღეს კონსულტაციების შედეგად, ვრწმუნდებით, რომ იწყება შიდა გავრცელების ეტაპი და იძულებულები ვართ, გადავდგათ გამკაცრების შემდგომი ნაბიჯები. უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლდათ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია: ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებების ქსელისა, უნდა იყოს დახურული იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც დროში შეზღუდული იქნება, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ,“ - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიკეტა

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ