აჭარაში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მოქალაქე საკარანტინო სივრციდან ტემპერატურის მატებით დღეს შეიყვანეს. კვლევის შედეგები ცოტა ხნის, წინ გახდა ცნობილი.
უწყებაში ამბობენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ მოქალაქეს მოგზაურობის ისტორია აქვს.
"ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, 7 მოქალაქიდან 6 უარყოფითი იყო. დღეს დადასტურდა, რომ ერთ ადამიანს კორონავირუსი აქვს. საერთო ჯამში ორი ადამიანია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოქალაქემ საზღვარი გუშინწინ გადმოკვეთა",- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი მოქალაქე, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. აჭარაში საკარანტინო სივრცეში 500-ზე მეტი, ხოლო თვითზოლაციაში 200-მდე პირი იმყოფება. მათ მოგზაურობის ისტორია რისკ-ქვეყნებში აქვთ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.