თინა ბოკუჩავა - მოლოდინი გვაქვს, რომ  შეთანხმების ორივე კომპონენტი - პოლიტიკური დევნისა და საარჩევნო ცვლილებების ნაწილი  შესრულდება

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებას აფასებს და აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ერთ-ერთი იყო იმ კომპონენტთაგან, რომელსაც ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით მიაღწია.

როგორც ბოკუჩავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს პირობა აუცილებლად უნდა შესრულდეს, რათა შემდეგი არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს.

„ბუნებრივია, ახლა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ და რაც შეიძლება, მშვიდად გადავიტანოთ ახალი კორონავირუსის COVID 19-ის ეპიდემია ჩვენს ქვეყანაში, გამოწვევა, რომელსაც მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ საქართველო ებრძვის. თუმცა, ამ გამოწვევის პირობებშიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით მიაღწია. გახსოვთ, რომ აღნიშნულ შეთანხმებაში არსებობდა ორი კომპონენტი. ერთი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება. საგანგებო მდგომარეობის დროს ამას ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მხარი დაუჭირა, რადგან ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი მიგვაჩნია ის, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ დღევანდელი კრიზისი დავძლიოთ- ვირუსის გავრცელების შეკავება. ეს არის მთავარი პრიორიტეტი და ამიტომ დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობას. თუმცა, ბუნებრივია, ამან არ უნდა გააჭიანუროს და მითუმეტეს, შეუძლებელი არ უნდა გახადოს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელიც ამ შეთანხმების ერთ-ერთი კომპონენტი იყო.

მეორე კომპონენტი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეჩერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ნიშნით იდევნებიან. ვიმედოვნებთ, რომ არსებული კრიზისის მიუხედავად, ამ შეთანხმების ორივე კომპონენტი შესრულდება. ეს არის საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარი იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებამდე მაქსიმალურად მშვიდად მივიდეთ და შემდეგი პარლამენტი დაკომპლექტებული იყოს იმ დეპუტატებისგან, რომელიც რეალურად ხალხის ნებას წარმოადგენს“,-აცხადებს ბოკუჩავა.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმების შესრულებას „როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ისევე როგორც ქართველი ხალხი ხელისუფლებას აუცილებლად მოსთხოვს“.

„ამიტომ, ბუნებრივია, მოლოდინი გვაქვს, რომ აღნიშნული შეთანხმების ორივე კომპონენტი, იქნება ეს პოლიტიკური დევნის ნაწილი თუ საარჩევნო ცვლილებების ნაწილი, შესრულდება“, - აღნიშნავს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

ბესიკ თამლიანს ბრალი ედებოდა ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა