გიორგი ვაშაძე - ბესიკ თამლიანის გათავისუფლებაზე რასაც ვიგებთ,  არის ერთადერთი პოზიტიური ინფორმაცია დღეს არსებულ ვითარებაში

ბესიკ თამლიანის გათავისუფლებაზე რასაც ვიგებთ, ეს არის ერთადერთი პოზიტიური ინფორმაცია დღეს არსებულ ვითარებაში, - ასე აფასებს პარტია “ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბესიკ თამლიანის გათავისუფლებით ხელისუფლებამ ოპოზიციისთვის მიცემული პირობა შეასრულა, თუმცა, სხვა პატიმრებიც უნდა გაათავისუფლონ.

„დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაში ერთადერთი პოზიტიური ინფორმაციაა, რასაც ახლა ჩვენ ვიგებთ თამლიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რისთვისაც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში იმდენად მძიმე ვითარებაა, თუ ყველა არ გავერთიანდით და არ დაივიწყა ხელისუფლებამაც ეს პოლიტიკური კეკლუცობები და პოლიტიკური განსხვავებულობები, რის გზავნილსაც სამწუხაროდ ვერ ვხედავ ჩვენი არაერთი საჯარო თუ არასაჯარო განცხადებისა, ჩვენ ძალიან მძიმე ვითარება გველოდება შიმშილის თვალსაზრისით ქვეყანაში. ასობით ათასი სამუშაო ადგილი დავკარგეთ. ამ ვითარებაში მარტო თამლიანს კი არა, აბსოლუტურად ყველა იმ პატიმარს, სიტყვას „პოლიტპატიმარს“ არ ვიხმარ, დაუყოვნებლივ გავათავისუფლებდი საპატიმრო დაწესებულებიდან იმიტომ, რომ ყელში გვაქვს უკვე ყველას ეს პროცესი. ახლა ყველა უნდა გადავერთოთ კორონავირუსის დამარცხებაზე და უმძიმესი ეკონომიკური ამოცანის ამოხსნაზე - როგორ ვაჭამოთ ხალხს“, - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ თამლიანის გათავისუფლება არის 4-დან იმ ერთი დაპირების შესრულება, რაც ოპოზიციამ ხელისუფლებას მოსთხოვა.

„უნდა გამოუშვან ეს ადამიანები, მით უმეტეს, ამ ვითარებაში, როცა ყოველდღიურად მძიმდება ჩვენთან ვითარება. მარნეული და ბოლნისი არის იზოლირებული ზონა, ხვალ შეიძლება იყოს რომელიმე რაიონი. ახლა აქ პოლიტიკურ ჭიდაობებს სიბეცის მეტი არაფერი შეიძლება დავარქვათ. ყველა უნდა გამოუშვან და საქმეს მივხედოთ. საქმე არის ანტიკრიზისული გეგმა, რომლითაც ქვეყანას ამ მძიმე ვითარებიდან გამოვიყვანთ. ეს გეგმა ბევრჯერ მაქვს შეთავაზებული ხელისუფლებისთვის. ყველა კომპანია, რომელიც დახურა ხელისუფლებამ, ადამიანები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს უვადოდ, ეს არის მაღაზიები, კაფეები, სასტუმროები, ტურისტული ნებისმიერი ობიექტი. მაღაზიაში ლურსმანს რომ ყიდის ადამიანი, მან უნდა იმუშაოს დისტანციურად? ან მშენებლობაზე რომ აგურს დებს, მან დისტანციურად უნდა დადოს აგური? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ზღაპარში ვართ? ბანკები რომ დავტოვეთ ღია, მიდით, აბა, რომელიმე ბანკში კლიენტი თუ არის, ფული არ აქვთ და ბანკში რა უნდათ?! ჯანდაცვის სისტემაში დაშვებული შეცდომების გამო მთავრობის მხრიდან ჩვენი ეკონომიკა ზვარაკად შევწირეთ ამ ყველაფერს. ნომერ პირველი ახლა ჯანმრთელობაა, მაგრამ ნომერ მეორე არის სამუშაო ადგილები და შემოსავალი, რომ შიმშილით არ მოკვდეს ხალხი. სამწუხაროა, რომ ადამიანები ვერ იაზრებენ რამხელა შოკში ვართ. საუბარია რომ ბიუჯეტი და ხელისუფლება ამას უნდა დაეხმაროს, ის გასცეს, ბიუჯეტში რომ ეკონომიკა არ მუშაობს და გადასახადები არ შედის ეს ვინმემ თუ იფიქრა? ამ შოკს ვერც ხელისუფლება იაზრებს და შევიდა არასწორი გადაწყვეტილებების ციკლში. ჩემი არაერთი თხოვნის მიუხედავად, რომ პოლიტიკის გარეშე დავჯდეთ 15 წუთი და გავიაზროთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი საჯარო განცხადებები და ნულოვანი ყურადღება“, - განაცხადა ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში ედება, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა