დეკანოზი თეოდორე - გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში - მსახურებები დილით და საღამოს იქნება, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღვთისმსახურებაში გარკვეული რეგულაციები შემოიღეს და შესაძლოა, კიდევ შემოიღონ. მისი თქმით, მსახურებები შესრულდება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები.

“მოგეხსენებათ, რომ განსაცდელი კვლავ მძვინვარებს მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ეკლესიაც კვლავ ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ ვითანამშრომლოთ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ეკლესიაზე, ხელისუფლებასთან, ჩვენს ხალხთან და ერთგვარად ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ, ვუერთგულოთ ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენთვის და მთელი ერისთვის ვიყოთ გამტარი ცოცხალი ღმერთის ღვთაებრივი ენერგიებისა, რომელიც არის საკურნებელი და გადამრჩენელი ყოველი ადამიანისა და მთელი ერისა, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანურ სიბრტყეში გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანებული გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ჩვენ გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში, რომელთა შესახებ ადრე განვაცხადეთ და რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ. ჩვენც შემოქმედებითად ვუდგებით და გარდა ამისა, მდგომარეობის ცვლილების მიხედვით შემოვიტანთ ახალ-ახალ რეგულაციებს ჩვენს ღვთისმსახურებაში. ერთ-ერთი, რაც გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ არის ის, რომ ლიტურგიები ყოველ დღეა და ვცდილობთ, რომ გავყოთ ეს მსახურებები [საუბარია ყოველდღიური პირველშეწირული ლიტურგიების დილა-საღამოს აღსრულებაზე]. გვაქვს ორი მოქმედი ტაძარი, მსახურებები იქნება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები. და იგივე წესით, გარეთ დგომით, თითო-თითოდ, გარეთ, მაგრამ ნაკლები რაოდენობით მიიღებენ წირვაში მონაწილეობას. ეს ეხება ყველა დღეს, მათ შორის კვირასაც. გარდა ამისა, გვახარებს ის, რომ ჩვენი მრევლი მართლაც როგორც ღვიძლი შვილნი მსოფლიოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა გამოირჩევიან მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და მათი ინიციატივაა ის, რასაც ახლა გავაჟღერებ: მათ გადაწყვიტეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თანადგომა გამოუცხადონ და ეს თანადგომა ვლინდება 10 000 ლარის ოდენობის დახმარებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ გვახარებს, რომ მრევლში ის სულისკვეთებაა გაცოცხლებული, რომლიც ზოგადად უნდა იყოს ეკლესიაში - როდესაც განსაცდელის ჟამს ერი და ბერი ერთმანეთის თანადგომას გამოხატავს და ეს არის სული ეკლესიისა და ჩვენი ტაძარი, როგორც ცოცხალი უჯრედი ჩვენი დედა ეკლესიისა, სწორედ ამ სულისკვეთებას ავლენს. ასევე მახარებს ისიც, რომ ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი ღვთისმსახური, მღვდელი საბა თავაძე, ოჯახთან შეთანხმებით, ვიდრე ეს განსაცდელია და ვიდრე ეს უმძიმესი პრობლემა მოგვარდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის გაიღებს საკუთარ მანქანას, რომელიც იმ დრომდე, იმ ბოლო დღემდე იქნება ამ ცენტრის საკუთრებაში ნებისმიერი მოხმარებისათვის, სანამ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში იარსებებს. იმედი მაქვს, რომ უფლის შეწევნით, მტკიცე რწმენით, ჩვენი განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტესა და ჩვენი სამშობლოსადმი ერთგულებით, ერთობით გამოვალთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან”, - ნათქვამია დეკანოზის მიმართვაში, რომელსაც ჯვართამაღლების სამრევლოს სახელით ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა