ვახტანგ გომელაური - მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე შემოვლითი გზებით გადაადგილების რამდენიმე მცდელობა იყო, პოლიციას რომ ხედავენ, უკან ბრუნდებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიებზე შემოვლითი გზებით გადაადგილების რამდენიმე მცდელობა იყო. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიციამ ყველა ასეთი მცდელობა აღკვეთა და არც ერთი პირის დაკავების აუცილებლობა არ დამდგარა.

გომელაურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მობილიზებული არიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. კარანტინის ზონაში მთაგორიან ტერიტორიებზე ხორციელდება დრონებით მონიტორინგიც.

„იყო შემოვლითი გზებით გადაადგილების რამდენიმე მცდელობა. გუშინ ღამითაც იყო ამის მცდელობა. ზოგი ამბობდა ვსეირნობო, ზოგი ამბობდა ბაღში გავდივარ სამუშაოდო. დღესაც იყო ერთი შემთხვევა, ისიც უკან გაბრუნდა. პოლიციას რომ ხედავენ, უკან ბრუნდებიან. ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ვინმე დაგვეკავებინა.

გაკეთებულია საგუშაგოები, თავდაცვა დგას, შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას, ასევე სამაშველო სამსახურები მუშაობენ დრონებით, რომ დიდი მთაგორიანი ტერიტორია დაფარონ. 11 თუ 12 დრონი მუშაობს ერთდროულად. არის ასევე ღამის ხედვის სითბური კამერები“, - განაცხადა შს მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საწყის ეტაპზე აუცილებელია მარნეულისა და ბოლნისის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მხოლოდ ამის შემდგომ ამოქმედდება ის სანქციები, რაც მათ საკარანტინო წესების დარღვევის გამო დაეკისრებათ.

„იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, ქორწილები იქნება, ქელეხი თუ ა.შ. ასევე, აკრძალულია სხვადასხვა მანიფესტაციები და ა.შ. პირველ დღეებში აუცილებელია, ადამიანებს აუხსნა სიტუაცია, რა ხდება, როგორ ხდება, როგორ ჯარიმდები ... არ შეიძლება, პირველ დღესვე მიხვიდე და ჯარიმა დაუწერო“, - აღნიშნა გომელაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა