თავდაცვის ძალებმა მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გაამკაცრა

საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების გაძლიერებისა და კიდევ უფრო ეფექტიანი მუშაობის მიზნით, აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ღამის განათების ძლიერი სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა.

„მუდმივად ხორციელდება საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე მორიგეობით შესული პირადი შემადგენლობის აღჭურვილობის, უნიფორმისა და ხელთათმანების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონი რეგულარულად აკონტროლებს მარნეულის საავიაციო ბაზას და პატრულირებს მიმდებარე ტერიტორიაზე.

მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონაში თავდაცვის ძალების მიერ ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული მოქმედებები აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ სხვადასხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან შეაჯამა. მარნეულის საავიაციო ბაზაზე არსებულ მართვის ცენტრში შეკრებილ ოფიცრებს აღმოსავლეთის სარდალმა საკარანტინო ზონაში არსებული მდგომარეობა დეტალურად გააცნო.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით 24-საათიანი კონტროლიც ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა