საპატრიარქო - ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე

ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე, - ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები. „ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ: ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება). დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ. ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით.

განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა. ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე! გვესმის, რომ ზოგიერთი შეიძლება რწმენაში დაბრკოლდეს იმ პროპაგანდით, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს; არიან სასულიერო პირებიც, რომლებიც ტაძარში ხალხის დასწრებაში პრობლემას ხედავენ, პრობლემას ხედავენ მრევლის ზიარებაშიც….. (არ ვგულისხმობთ უცხოეთში მკაცრ საგანგებო რეჟიმში მყოფ მოძღვრებს).

გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ, მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს. ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე. 2020 წლის 20 მარტის წმინდა სინოდის განჩინებისამებრ, კვლავაც ყველას (ეკლესიაში მოსულთ და სახლში დარჩენილთ) მოვუწოდებთ ლოცვისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ცოდვათა გაცნობიერებისაკენ, გულწრფელი სინანულის, აღსარებისა და ზიარებისკენ, რათა წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი გვექმნას საკურნებლად სულისა და ხორცისა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა