ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ ოთხ მოქალაქეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან. აღნიშნული პირები, დღეს საკარანტინო სივრციდან ტემპერატურის მატების ფონზე კლინიკაში შეიყვანეს.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შვიდი შემთხვევა ფიქსირდება, მეშვიდე შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. 30 წლამდე მამაკაცს გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
აჭარაში , საკარანტინო სივრცეში 2000-მდე პირია მოთავსებული. რეგიონში 12-ზე მეტი საკარანტინო სივრცეა გახსნილი.