ალექსანდრე მოწერელია - მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სავალდებულო რეკომენდაციებს არ ემორჩილება, ზუგდიდში და ფოთში ყველაზე მაღალი რისკი გვაქვს, აღსრულების ნაწილში ვამკაცრებთ ზომებს

ბლოკ-პოსტები ფოთის შესასვლელ -გასასვლელში და ზუგდიდში საპოლიციო ძალებით მოეწყობა, ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ფოთში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ორ ქალაქში ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკია.

,,რა თქმა უნდა მართალია, ის რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სავალდებულო რეკომენდაციებს არ ემორჩილება. გუშინ მაგალითად ზუგდიდში, საკმაოდ ხალხმრავლობა იყო. ჩვენი მედიკოსების მიერ ყოველ წუთს ხდება მოწოდება, რომ ერთადერთი, ყველაზე უსაფრთხო გადარჩენა ეპიდემიისგან არის სახლში ჯდომა. ვინაიდან, ეს მოწოდება ყველამ ყურად ვერ იღო, ამდენად აღსრულების ნაწილში ჩვენ ვამკაცრებთ ზომებს. რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს, ფოთში, შესასვლელში, გასასვლელში საპოლიციო ძალებით მოეწყობა. ზუგდიდში რა თქმა უნდა, შესასვლელში. ამ ორი ქალაქში ყველაზე მაღალი რისკი გვაქვს. მოგეხსენებათ ფოთში, ძალიან ბევრი გადაზიდვები ხორციელდება, ძალიან ბევრი მძღოლი შემოდის, შემოაქვთ ტვირთი, ხდება შემდეგ აქ ამ ადამიანების დაყოვნება, ამდენად უფრო მეტი კონტროლი გვჭირდება. ფოთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აქედან ხდება მომარაგება და არაფრით არ შეიძლება, აქ რამე კონტროლიდან გაგვექცეს. რაც შეეხება ზუგდიდს, სამწუხაროდ დღეს აფხაზეთში მდგომარეობა ვიცით, რომ კონტროლს არ ემორჩილება და არ არის გატარებული ის ღონისძიებები, რაც არის გატარებული ჩვენთან, საფრთხე არსებობს ძალიან მაღალი, როგორც აფხაზეთში, ისევე ყველგან. თუკი მოხდება გავრცელება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს, ჩვენი თანამემამულეები მივიღოთ. ამდენად, რუხის საავადმყოფოს აღჭურვის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა სწორედ ეს იყო,“- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა უკანონო საზღვრის კვეთას ადგილი და თუ ცდილობენ აფხაზეთიდან ჩვენი თანამოქალაქეები გადმოსვლას, გუბერნატორის განცხადებით, საზღვარი კონტროლდება, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

,,აფხაზეთის საზღვარი ჯერჯერობით დაკეტილი აქვთ რუსულ ჯარს. ამდენად საზღვრის კვეთა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, ვისაც მუდმივი საშვი გააჩნია და ეს კონტროლდება, თუმცა არის ძალიან ბევრი ისეთი გადასასვლელები, სადაც კონტროლის გაწევა საკმაოდ რთულია, მითუმეტეს ახლა ყველგან მდინარის ფონიც დაწეულია. იყო გარკვეული შემთხვევები, ამდენად, ის შემთხვევები რომლებიც დაფიქსირდა და ჩვენ რა თქმა უნდა, ვაკონტროლებთ, მოსალოდნელია, გახდეს უფრო მეტი, ამიტომ ვაძლიერებთ ღონისძიებებს“,- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

კითხვაზე, ამ ეტაპზე სამხედრო ძალების ჩართულობის აუცილებლობა არის თუ არა, გუბერნატორი აცხადებს, რომ ,,ამ ეტაპზე სამხედრო ძალები მზადყოფნაშია“.

,,სამხედრო ძალები მზადყოფნაშია, ამის შესახებ უკვე ითქვა. იცით, რომ ჩვენთან, სენაკში არიან სამხედროები და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება მათი ჩართვა. ჯერჯერობით ამის აუცილებლობა სამეგრელოში არ არის“,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეგახსენებთ, ფოთის მერიაში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია უძღვება და მას ხელისუფლების, სამედიცინო სამსახურისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო