მარნეულის მერი დღეს მერიასთან მოსახლეობის შეკრებაზე პასუხისმგებლობას „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს აკისრებს

მარნეულის მერიასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. როგორც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შეკრებილი მოსახლეობა, რომელიც დახმარებას ითხოვდა, უკვე დაიშლა.
„მოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილი იყვნენ, ვთხოვე დაეცვათ დისტანცია, ჩემი თანამშრომელი შემდგომი რეაგირებისთვის მათ სახელებს და გვარებს იწერდა, თუმცა, შემდეგ გავაჩერეთ ეს პროცესი. დღეიდან მარნეულის ტელევიზიის ეთერით გავა დამატებით იმ პირების საკონტაქტო ნომრები, ვისაც დელეგირებული აქვს ეს პროცესი- დახმარების. მუდმივად იტრიალებს ეს ნომრები 3 ენაზე, რომ ხალხი აღარ გამოვიდეს და დაგვირეკონ,“- აცხადებს ზაურ დარგალი.
როგორც ზაურ დარგალი აცხადებს, არსებობს დადგენილი კრიტერიუმები, თუ ვის გაუწევენ დახმარებას. მარნეულის მერი ამბობს, რომ სიები კიდევ ზუსტდება და სავარაუდოდ, ისინი რამდენიმე ათას მოქალაქეს დაეხმარებიან.
„პირველ რიგში ჩვენ ვეხმარებით მოხუც მარტოხელა მოქალაქეებს, ვინც სახლიდან ვერ გამოდის, მოქალაქეებს, რომლებიც დღიურად მუშაობდნენ და შემოსავალი დაკარგეს, ასევე, მოქალაქეებს ვინც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მოქალაქეებს, ვინც მრავალშვილიანია და შეუჩერდა სოციალური დახმარება. 1350 ოჯახს უკვე დავეხმარეთ“, -აცხადებს ზაურ დარგალი.
იგი დღეს მერიასთან მომხდარზე პასუხისმგებლობას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს აკისრებს.
„ძალიან ცუდია იმ დროს, როცა ჩვენ ვცდილობთ ხალხი დარჩეს სახლში, ვიღაცები ცდილობენ ხალხი გარეთ გამოვიდეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ესენი არიან მოხუცი ადამიანები, ვისთვისაც ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის გარეთ გასვლა. ჩვენ მოსახლეობა ინფორმირებული გვყავს ვის ეკუთვნის ეს დახმარება. გუშინ მივეცით ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე ოჯახს და მერე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დადიოდნენ სხვადასხვა სახლებში და ეუბნეოდნენ, რომ აი, ნახე, შენს მეზობელს მისცეს და შენც გეკუთვნის. როცა მოსახლეობა იღებს ინფორმაციას - შენც გეკუთვნის, რა ინფორმაციაც არ უნდა გაავრცელო, ფიქრობს, რომ მასაც ეკუთვნის და ამ ფონზე ხდება პროტესტი. ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას იმ კრიტერიუმების მიხედვით რაც გვაქვს“, - აცხადებს ზაურ დარგალი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილით მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა, ისინი დახმარებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა მარნეულის მერი, რომელმაც მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დახმარება გარკვეული ჯგუფებისთვის არის და ისინი ამ დახმარებას მიიღებენ. ადგილზე მალევე გამოჩნდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც მოქალაქეებს დისტანციისა და კარანტინის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდეს

























