რუსთავში, ოთხ ლოკაციაზე მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვის მონიტორინგი  აქტიურად ხორციელდება

რუსთავში, ოთხ ლოკაციაზე მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვის მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქალაქის შემოსასვლელს და გასასვლელს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. ოთხივე ლოკაციაზე ამოქმედებულია სპეციალური სამედიცინო პუნქტები, სადაც მოსახლეობის თერმო სქრინინგი ხორციელდება.

საველე პირობებში, ბლოკპოსტების მოწყობაში, რუსთავის მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული. რუსთავის მერი შესაბამის სამსახურებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე პირადად აკონტროლებს ბლოკ პოსტების მიმდებარე ტერიტორიას. ოთხივე საკონტროლო გამშვები პუნქტი რუსთავში ინფრასტრუქტურულად გამართულია.

,,თქვენ ხედავთ, რომ ყველა ლოკაციაზე სიტუაცია მოწესრიგებულია. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი გამოწვევაა საწარმოები. ეკონომიკის სამინისტროში გადაგზავნილი გვაქვს ქარხნების სია, გარკვეულ საწარმოებზე ნებართვა უკვე გაცემულია. დამატებით ვმუშაობთ სხვა საწარმოებზეც, რომლებსაც საწარმოო ციკლიც გამართული აქვთ და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მუშაობენ. კონსულტაციები მიმდინარეობს და ვფიქრობ, იმ საწარმოებზეც, რომლებზეც ვიძლევით რეკომენდაციას, ნებართვა იქნება დაშვებული. აქ საუბარია საშუალო და დიდ საწარმოებზე, რომლებიც მნიშვნელოვან პროდუქციას ქმნიან. რაც შეეხება სატრანსპორტო მომსახურებას, თქვენ იცით, რომ შიდა გადაადგილება შეზღუდულია და ეს შეზღუდვა, რა თქმა უნდა ჩვენც გვეხება. შეზღუდვა არ ეხება კორპორატიულ ტრანსპორტს, რომელსაც გარკვეულ საათებში გადაჰყავს კომპანიის თანამშრომლები და აქაც ყველა წესი დაცული უნდა იყოს. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ორი მიმართულებით - მეტალურგიულ კომბინატთან გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გარკვეულ საათებში, იქ დასაქმებულ ადამიანებს გადაიყვანს მუნიციპალური ტრანსპორტი და მეორე მიმართულება - სოციალური სასადილოები. თქვენ იცით, რომ გვაქვს ოთხი ასეთი სასადილო. ორი დღეა ტესტ რეჟიმში ვამუშავებთ მუნიციპალურ ტრანსპორტს ამ მიმართულებითაც, რომ გარკვეულ საათებში, უზრუნველვყოთ ბენეფიციარების ტრანსპორტირება სასადილოებში. მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ ამ ორი მიმართულებით იმუშავებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

საგანგებო მდგომარეობის შედარებით გამკაცრებული რეჟიმი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე უკვე მეორე, დღეა რაც მოქმედებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო