ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020

რას ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი და რა შემთხვევაში მიიჩნევა ადამიანი ვირუსზე საეჭვოდ

პანდემიამ რუსებისგან მიტოვებული აფხაზები აიძულა საქართველოსკენ გამოეხედათ

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” აპრილის ნომრის N4 (266) მიმოხილვა

* * *

რას ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი და რა შემთხვევაში მიიჩნევა ადამიანი ვირუსზე საეჭვოდ

“საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შეცვლილი პროტოკოლის შედეგად რისკის ზონაში მყოფი პაციენტები სამ კატეგორიად იყოფა. პირველი ეტაპი იქნება, ვისაც მოგზაურობის ისტორია აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. მეორე კატეგორიაში ვისაც ტესტირება ჩაუტარდება მათ, რომელთაც შეხება რისკზონიდან ჩამოსულ პირებთან ჰქონდათ. მესამე კატეგორიაში კი მოხვდებიან ის პირები, ვისაც უბრალოდ ტემპერატურა უფიქსირდებათ და საეჭვო პაციენტებად მიიჩნევენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რას ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი და რა შემთხვევაში მიიჩნევა ადამიანი ვირუსზე საეჭვოდ.

“მინისტრის მოადგილის თქმით, მომდევნო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, ვინც ადგილზე შეძლებს სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების გამოკვლევას. ამასთანავე, სიმპტომების არქონის შემთხვევაში, ყველა ადამიანს ტესტირება ვერ ჩაუტარდება. “კლინიკური სიმპტომები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტესტების გამოყენებასთან მიმართებაში გვქონდეს რაციონალური მიდგომა. სიმპტომების არქონის შემთხვევაში ყველას ტესტირებას რაციონალური გამოსავლები ვერ ექნება და ასეთი მიდგომა ახალი ალგორითმით გათვალისწინებული არ არის”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მოქმედი პროტოკოლი უკვე დიდი ხნის წინ უნდა შეცვლილიყო, როგორც კი მარნეულში 62 წლის ქალს ვირუსი დაუდგინდა. ამის შეეგად კი 30 წლის თერჯოლელი ახალგაზრდის დაინფიცირების ფაქტი თავიდან აცილებული იქნებოდა. იქ ახალგაზრდა კაცს, რომელიც საავადმყოფოში პნევმონიით მივიდა და მოგზაურობის ისტორია არ ჰქონდა, კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარეს. მკურნალობა დაუნიშნეს და სახლში გაუშვეს. მოგვიანებით კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პროტოკოლები იმიტომ იწერება, რომ ნებისმიერ ადგილას მყოფმა ექიმმა საქმეს ერთნაირად უნდა შეხედოს. სისტემა თუ არა არის ისე არაფერი გამოვა. ათასი ექიმიდან თუ 998 პროტოკოლს დაიცავს, ეს იმას ნიშნავს, რომ 90%-ით მაინც დაზღვეულები უნდა ვიყოთ. როცა ყველა თავის ჭკუაზე მუშაობს, გამოდის, რომ სისტემა არ მუშაობს. ეს არის ელემენტარული ანაბანა, ვინც ამაში ერკვევა. რა თქმა უნდა, ის არ შეიძლება 100%-იანი იყოს. ეს ხომ მათემატიკა არ არის, ყველაფერი რომ სიზუსტით გაწერილი იყოს”, - განაცხადა პაატა იმნაძემ ოთხშაბათის ბრიფინგზე. ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ძველი პროტოკოლით შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაზრდილია და ეს ჩვენ რეალურად არ ვიცით”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პირდაპირი პასუხისმგებლობაა. აქ კონკრეტული ექიმის ან საავადმყოფოს დანაშაულს ვერ ვხედავ. ყველა იმ პროტოკოლით ხელძღვანელობს, რაც ჯანდაცის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. სამინისტრო თავისი ბიუროკრატიული ქმედებებით აჭიანურებდა ალგორითმის შეცვლას და ექიმებს პროდუქტიულად მუშაობაში ხელს უშლიდა. ისევ და ისევ სწრაფი ტესტების პრობლემასთან მივდივართ. თერჯოლის და მარნეულის შემთხვევებშიც ექიმებს პროტოკოლის მიხედვით ამ ტესტების ჩატარების საშუალება რომ ჰქონოდათ, ასეთ შედეგამდე არ მივიდოდით. ამიტომ ახლა შეცვლილი ალგორითმის შედეგად არ არის გამორიიცხული, რომ ქვეყანაში დაინფიცირებულთა უფრო მეტი რიცხვი გამოვლინდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგი ჩიხლაძე.

პანდემიამ რუსებისგან მიტოვებული აფხაზები აიძულა საქართველოსკენ გამოეხედათ

“აფხაზებს კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად არც მატერიალური რესურსები აქვთ და არც ადამიანური, რუსეთი კი დახმარების კუთხით დიდად არ აქტიურობს. ბევრი ადამიანი, ძირითადად გალელები, დახმარებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდის. ვრცელდება ცნობები, რომ აფხაზ და ქართველ ექიმებს შორის ერთგვარი არაოფიციალური კომუნიკაცია დამყარდა. აღსანიშნავია, რომ აფხაზი “მესაზღვრეები” კორნავირუსის სიმოტმების მქონე ადამიანებს აფხაზები ზუგდიდში სამკურნალოდ თავისუფლად უშვებენ. ზუგდიდში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეის მდგომარეობით 7 ადამიანი გადმოიყვანეს. ისინი საკარანტინე ზონაში არიან მოთავსებულნი. მოქალაქეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პანდემიამ რუსებისგან მიტოვებული აფხაზები აიძულა საქართველოსკენ გამოეხედათ.

“აღნიშნული 7 პირი იმ ქალის კონტაქტებს წარმოადგენენ, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამკურნალოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოიყვანეს, მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. გარდა ამისა, ოკუპირებული სოხუმის საავადმყოფოშია მოთავსებული მასთან ერთად მოგზაურობაში მყოფი პირი, რომელსაც ასევე ახალი კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება. ასევე ცნობილია, რომ ერთმა პირმა ქართულ მხარეს დახმარების თხოვნით მიმართა. ის ტემპერატურის ნიშნებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მოათავსეს. მისი ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. კლინიკაში მოთავსებულია ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ოჯახიც. 2 მცირეწლოვან ბავშვს ბოქსირებულ განყოფილებაში მშობლებთან ერთად აკვირდებიან. აფხაზეთში კი მოაქალაქეების ინფორმაციით, სიტუაცია საკმაოდ რთულია. იქ 30 მარტს კარანტინი და კომენდატის საათი გამოცხადდა. თუმცა როგორც ცნობილია აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებული არცერთი ადამიანი ჯერ არ გამოვლენილა. აფხაზები ამბობენ, რომ მათ აქვთ ტესტები, რომელიც რუსებმა მისცეს, თუმცა მათი გადამოწმება ლაბორატორიაში უნდა მოხდეს. ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ტესტებს რუსეთში გაგზავნიან. მოსახლეობა კი ეჭვს გამოთქვამს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ე.წ. ხელისუფლება მოჩვენებით კარანტინებს აწყობს, სადაც ვირუსის გამოვლენის საშუალება არა აქვთ და არც მკურნალობის რაიმე პროტოკოლი არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფეისბუკით” თავისი პოზიცია გამოხატა გულრიფშის რაიონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ზურაბ აჩბამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაწერა: “ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშეა, არაფერი არ არის - არც ნიღბები, არც სადეზინფექციო ხსნარები და არც სპირტი. ქაღალდზე ყველაფერია, სინამდვილეში კი - არაფერი. შტაბი თითქოს შექმნილია, მაგრამ საერთოდ არ მუშაობს. ნორმალურ სახელმწიფოში მკაცრ ზომებს დიდი ხნის წინ მიიღებდნენ, ჩვენთან კი ამას დაგვიანებით აკეთებენ... კაცმა რომ თქვას, დღეს ხელისუფლებაც კი არ გვყავს. სრული ქაოსი გვაქვს და იმიტომ მოგმართავთ თქვენ - აფხაზეთის მოსახლეობას. ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიდგებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ”, - წერს ექიმი სოციალურ ქსელში. კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმაზე ადრე დაიწყო ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მომზადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის, ვიდრე ამის შესახებ ვინმე ინიციატივას გამოთქვამდა, ხოლო აფხაზეთიდან გადმოსულთა უმრავლესობას გალელი ქართველები შეადგენენ”, - დასძენს გამოცემა.

“რაოდენობის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია, მითუმეტეს რომ, ძირითადად ქართველები არიან. საქართველოს ხელისუფლებამ თადარიგი წინასწარ რომ დაიჭირა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯია. ბევრი ადამიანი გადმოვიდა, მაგრამ თვითონ ვირუსთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი ჯერჯერობით”, - ამბობს არეშიძე. ისივე თქმით, უამრავი რუსია ჩამოსული აფხაზეთში, რადგან ეს რუსებიც ვერსად ვეღარ მიდიან. არეშიძის აზრით, მთელ აფხაზეთში კორონავირუსი არის თუ არა, ვერავინ დაადგენს, ხოლო ორ-სამ კვირაში რუხის საავადმყოფო აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტებით გაივსება. კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან“ აცხადებს, რომ აფხაზები კორონავირუსიის სიმპტომების მქონე ყველა ადამიანს ე.წ. საზღვარზე ატარებენ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას აძლევს. ვარაუდობს, რომ აფხაზ მედიკოსებს ქართველ ექიმებთან კონტაქტი აქვთ და გამოჩნდა, რომ მათ ამ გაჭირვების დროს ქართველების იმედი აქვთ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ძალიან კარგია, რომ ამ სიტუაციაში აფხაზებს ქართველების იმედი აქვთ. ფაქტია, რომ სიმპტომების მქონე ადამიანებსაც კი ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას აძლევენ. ამბობენ, რომ ტესტები აქვთ და ის რუსებმა მისცეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ქართულმა მხარემაც მისცა და მათი გადამოწმება ლუგარის ლაბორატორიაშიც კი ხდება. სამომავლოდ ეს დამოკიდებულება შესაძლოა საქართველოსთვის დადებითი აღმოჩნდეს. რაღაცა ახალი ურთიერთობის დაწყების საშუალებაც მოგვცეს. რუსებმა რამდენად მიატოვეს ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით. როგორც ვიცი მათ ეკიპირება და გარკვეული სამედიცინო დახმარება მისცეს. თუმცა კორონავირუსით დაინფიცირებულების რუსეთში გადაყვანასა და მკურნალობაზე უარს ამბობენ, რადგანაც აფხაზები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. რა თქმა უნდა, ქართველ და აფხაზ ექიმებს შორის გარკვეული თანამშრომლობა არსებობს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ რეკომენდაციებს ქართველი ექიმებისგან იღებენ. თუმცა ამის ღიად აფიშირებისგან თავს იკავებენ. პიარის კუთხით რუხის საავადმყოფოს გახსნა და იმის ჩვენება, რომ ეს აფხაზების სამკურნალოდ გამოყენებული იქნება, საკმაოდ კარგი სვლაა. მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ გაჭირვების ჟამს, ჩვენ არ მივატოვებთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად ამოქმედებას სხვა დატვირთვა აქვს, ვინაიდან საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რუხის მრავალფუნქციური კლინიკა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მაღალი სტანდარტის სამედიცინო ინფრასტრუქტურით. “იცით, რომ პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვესტუმრე რუხის მრავალპროფილურ კლინიკას, რამდენიმე დღეში ინტენსიურ რეჟიმში მოხდება ამ ინფრასტრუქტურის აღჭურვა იმისთვის, რომ იყოს მზაობა მოემსახუროს პაციენტებს, როგორც ზუგდიდიდან ისე საოკუპაციო ხაზის მეორე მხრიდან, აფხაზეთიდან.... რა თქმა უნდა ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვავრცელებთ ინფორმაციას, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე და ვაწვდით მოსახლეობას ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაიცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ... რა თქმა უნდა გაცნობიერებული გვაქვს, რომ შემთხვევების რიცხვი და მომართვიანობა შეიძლება გაიზარდოს. კიდევ ერთხელ, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით ასეთი მზაობა გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ მდგომარეობა ცოტა უფრო კრიტიკული და მძიმეა, რამდენადაც იქ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ წვდომა, გარდა წითელი ჯვარისა”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის განმარტებით, ხელისუფლება “ამ პარტნიორის მეშვეობით” ცდილობს მოსახლეობას მძიმე მდგომარეობა შეუმსუბუქოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” აპრილის ნომრის (N4) მიმოხილვა

“COVID-19 ბიოლოგიურიი ტერორიზმი, ფატალური შემთხვევა თუ ბუნების ახალი გამოწვევა?” / კორონავირუსი ავღანეთში - ბაზებზე ჯერჯერობით სიმშვიდეა

“2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: “უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება COVID-19 შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია”. პანდემია ეწოდება ძლიერ ეპიდემიას, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსაზღვრე ქვეყნებში და ზოგიერთ შემთხვევაში - მრავალ ქვეყანაში. ამ პუბლიკაციის გამოქვეყნების დროს პლანეტის 115 ქვეყანაში დაფიქსირებული იყო კორონავირუსის 124 910 შემთხვევა; გარდაცვლილი იყო 4 585 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული - 67 050. ეს ოფიციალური ციფრებია, თუმცა, ჩვენი აზრით, დაზუსტებით არც ვირუსის გავრცელების მასშტაბი და არც დაავადებულთა, დაღუპულთა თუ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა ცნობილი...”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N4, აპრილი, 2020) სტატიაში სათაურით “COVID-19 ბიოლოგიურიი ტერორიზმი, ფატალური შემთხვევა თუ ბუნების ახალი გამოწვევა?”

“სამწუხაროა, რომ ჯერ არ არსებობს ვაქცინა ან პრეპარატი, რომლითაც კორონავირუსს დაამარცხებენ, თუმცა სამეცნიერო-კვლევითი და სატესტო სამუშაოები ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს.დაავადების პირველი შემთხვევები ჩინეთში ოფიციალურად 2020 წლის იანვრის ბოლოს აღინიშნა და ყოველდღიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. შემდეგ იგივე განმეორდა ირანსა და იტალიაში. ვირუსის გავრცელების სწრაფმა ტემპმა და ლეტალურ შემთხვევათა დიდმა რაოდენობამ ვირუსის წარმოშობა-გავრცელების გამო დაეჭვება გამოიწვია. რა ხდება? რა არის ეს - ბიოლოგიური ტერორიზმი, ფატალური შემთხვევა (ანუ საიდუმლო ლაბორატორიებიდან შემთხვევით „გაპარული“ ვირუსი) თუ ბუნების ახალი გამოწვევა? შევეცდებით, მკითხველს თითოეული ვერსიის სასარგებლო და საწინააღმდეგო არგუმენტები გავაცნოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბიოლოგიური ტერორიზმი? - ბევრს “შეთქმულებების თეორიის” არ სჯერა, თუმცა ისტორიული და უახლოესი ფაქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ბიოლოგიური ომი და დივერსიები სახუმარო საქმე არ არის, მით უფრო, როცა მსოფლიოში ამდენი დაძაბულობის კერაა. შესაძლებელია თუ არა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას გააჩნდეს ბიოლოგიური იარაღი? 2006 წლის ზაფხულში ისრაელს ლიბანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდა, როცა ღაზას სექტორში პალესტინელთა ტერორისტულმა დაჯგუფება “ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადამ” ათასობით პროკლამაცია გაავრცელა. ეს ფაქტი შეიძლება ისრაელის მიმართ შანტაჟად და შეშინების მცდელობად ჩაგვეთვალა, რომ არა ამ პროკლამაციებში გამოთქმული მუქარის შინაარსი. ტერორისტები ირწმუნებოდნენ, რომ მათ სამწლიანი შეუპოვარი შრომის შედეგად ხელთ ჰქონათ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ოცზე მეტი სახეობა და იმუქებოდნენ, რომ თუ ისრაელი გაბედავდა და ღაზას სექტორში ჯარს შეიყვანდა, ისინი ირანულ რაკეტებს, “კასამებს” ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით აღჭურავდნენ და ისრაელს დაბომბავდნენ. ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საყოველთაოდ ცნობილი სახიფათო თვისებაა ის, რომ მათი მოქმედების მასშტაბი გამოყენების რადიუსზე ფართოა, ამიტომ ამ სახის იარაღით ისრაელის დაბომბვა უმძიმეს შედეგებს მოიტანდა როგორც მის მეზობელ ქვეყნებში, ასევე მთელ ახლო აღმოსავლეთში. მსხვერპლი, უმთავრესად, მშვიდობიანი მოსახლეობა იქნებოდა. საბედნიეროდ, მაშინ მუქარა მუქარად დარჩა!” - განაგრძობს გამოცემა.

“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, უპირველესად კი _ გაერო, ცდილობდნენ აეკრძლათ მასობრივი განადგურების იარაღის (ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური) წარმოება, შენახვა და გამოყენება, თუმცა მეცნიერება და ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ ცალკეულ ადამიანებს ან რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს უკვე ხელი მიუწვდებათ ბიოლოგიური იარაღის წარმოებასა თუ შეძენაზე. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციათა (“თალიბანი”, “ალ-ქაიდა”, “ისლამური სახელმწიფო” და სხვ.) ფინანსურ შესაძლებლობებს, არ არის გამორიცხული, მათ შექმნან მცირე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ხოლო ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის შესაქმნელად შანტაჟით ან მაღალი ანაზღაურებით მეცნიერები გადაიბირონ. ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ხელში ჩაგდების მეორე გზა მისი ფარული შეძენაა, თუმცა, ჩვენი აზრით, კორონავირუსის გავრცელების უკან ტერორისტული ორგანიზაციები არ უნდა იდგნენ, რადგან, ჯერ ერთი, ბიოლოგიური იარაღი ისეთი “ჯინია”, რომ თუ ბოთლიდან ამოუშვებ, არ არსებობს გარანტია, რომ შენთანაც არ მოვა. როგორ გააკონტროლებ და შეაკავებ ამას?! მეორე - ტერორისტული ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის შიშის დათესვა, შანტაჟი და საკუთარი კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება; ამისთვის კორონავირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას უნდა აეღო, ეს კი ჯერ არ მომხდარა”, - დასძენს გამოცემა.

“შესაძლებელია თუ არა, კორონავირუსის გავრცელების უკან რომელიმე სახელმწიფო იდგეს? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისტორიულ ლიტერატურაში უნდა ჩავიხედოთ. ბიოლოგიურ იარაღს ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში იყენებდნენ. მაშინდელი მეთოდები მართლაც დროის შესაფერი იყო. თავად განსაჯეთ, იყო თუ არა ზნეობრივი ალყაშემორტყმულ ციხე-ქალაქებში ტიფით ან ციმბირის წყლულით გარდაცვლილი ცხედრის თუ ლეშის გადასროლა. ამგვარი ბიოლოგიური შეტევა ციხის დამცველებს შორის პანიკასთან ერთად, სასიკვდილო ვირუსის გავრცელებასაც იწვევდა. საუკუნეთა მანძილზე ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელების მეთოდები და ტექნოლოგია დაიხვეწა. დღეისათვის ცნობილია ბიოლოგიური იარაღის გამოყენების რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა, რომელთა ქრონოლოგია ასეთია”, - წერს სტატიის ავტორი.

“1916 წელს, როცა პირველმა მსოფლიო ომმა აპოგეას მიაღწია, კაიზერის გერმანიის სპეცსამსახურებმა მოწინაღმდეგის წინააღმდეგ ბიოიარაღის გამოყენება გადაწყვიტეს. ამ ოპერაციაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც მონაწილეობდნენ. ერთ დღეს ესპანეთში გერმანიის ელჩმა მაქსიმილიან ფონ რატიბორმა ბერლინიდან ძალზე საინტერესო ამანათი მიიღო. ეს იყო ლამაზად შეფუთული საპონი. მხოლოდ ელჩმა და რამდენიმე პიროვნებამ იცოდნენ, რომ ამ საპნების შიგნით, მინიატიურულ მინის სინჯარებში, გერმანიის სამხედრო-ვეტერინარული აკადემიაში გამოყვანილი ციმბირული წყლულის ბაქტერიები იყო მოთავსებული. გეგმის თანახმად, არგენტინასა და აშშ-ში მოქმედ გერმანიის აგენტებს ამ სასიკვდილო ბაქტერიებით ინგლისსა და საფრანგეთში გამოგზავნილი ცხენები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი უნდა დაეავადებინათ. დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის პოლიციის ყურადღებით ეს ოპერაცია ჩაიშალა, თუმცა გერმანიის სპეცსამსახურები მაინც არ ისვენებდნენ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ერთი წლის შემდეგ, 1917 წლის იანვარში, ფინეთისა და შვედეთის საზღვართან დააკავეს “ტურისტების” ჯგუფი, რომელსაც გერმანელი ბარონი ოტო კარლ ფონ როზენი ხელმძღვანელობდა. მალევე გაირკვა, რომ მათ სურდათ ციმბირული წყლულის ვირუსი გაევრცელებინათ... ირმებში. “ბიოლოგიურ” დივერსანტებს თან აღმოაჩნდათ ამ სასიკვდილო ვირუსით მოწამლული შაქრის ნატეხები, რომლებიც ხორცის კონსერვის ქილებში იყო მოთავსებული. სპეცოპერაციის მიხედვით, შაქრის ნატეხები იმ შინაური ირმებისთვის უნდა დაეყარათ, რომლებსაც მარხილებით რუსეთში ინგლისური იარაღი გადაჰქონდათ. ზამთრის პერიოდში ეს იყო ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს საბრძოლო მასალებსა და იარაღს აწვდიდა. 1930-იანი წლების დასაწყისში ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებით “თავი გამოიჩინა” იაპონიამ. ამ ქვეყნის ავიაციამ ჩინეთის ქალაქებსა და სოფლებში რამდენჯერმე ჩამოყარა შავი ჭირის მატარებელი რწყილებით დაავადებული ხორბალი და ბრინჯი, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

“731-ე რაზმის საიდუმლო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონია ბიოლოგიური იარაღის უფრო მასშტაბურ გამოყენებას შეუდგა. კვანტუნის არმიამ ოკუპირებულ მანჯურიაში ადამიანებზე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებისთვის სუპერსაიდუმლო დანაყოფი - 731-ე რაზმი შექმნა. ოფიციალურად რაზმი ჩინეთის მოსახლეობის წყლით მომარაგების კეთილშობილურ მისიას ასრულებდა, სინამდვილეში კი დანაყოფი, რომლის შემადგენლობაში 1945 წელს ორი ათას კაცზე მეტი იყო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ბაქტერიოლოგიურ ომს გეგმავდა. ამ მიზნით იაპონელები იყენებდნენ სხვადასხვა მეთოდს - თვითმფრინავებიდან ყრიდნენ ბაქტერიებით “დატენილ” ჭურვებს, ნათესებსა და საძოვრებს ასხურებდნენ ბაქტერიაშემცველ სითხეს, საარტილერიო დანადგარებიდან ისროდნენ ვირუსებითა და ბაქტერიებით სავსე ჭურვებს და ა.შ. მანჯურიის ტერიტორიაზე მოქმედებდა ორი საიდუმლო ლაბორატორიაც, სადაც ცდებს ადამიანებზე, კერძოდ - ჩინელ ტყვეებზე ატარებდნენ...” - დასძენს სტატიის ავტორი (სტატიის დასასრული ჟურნალ “არსენალის” მომდევნო ნომერში).

“ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი სამხედროს თქმით, ახალი კორონავირუსი ჩOVID-19 ჯერჯერობით არც ერთ ბაზაზე არ გამოვლენილა, თუმცა მუდმივად იღებენ პრევენციულ ზომებს და პანდემიის გათვალისწინებით, მზად არიან. ჟურნალ “არსენალს” ქართველი სამხედროები უყვებიან, როგორი ვითარებაა ბაზაზე. “არსენალს~ ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ავღანელ სამხედრო თარჯიმანს, სამი აბდულას გასაუბრებოდა”, - წერს ჟურნალის “არსენალი” სტატიაში სათაურით კორონავირუსი ავღანეთში - ბაზებზე ჯერჯერობით სიმშვიდეა.

“მაღალი პასუხისმგებლობით, გამკაცრებული ჰიგიენის ნორმებით, მუდმივი კონტროლით ვხვდებით ვირუსს. გაგვაფრთხილეს, რომ ეს ვირუსი ჩვენამდეც მოაღწევს და მზად უნდა ვიყოთ, რათა მსუბუქი ფორმით გადაიაროს... ნატოს სტანდარტების თანახმად, ყველა შენობის შესასვლელში დგას სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი ხელების დასამუშავებლად, ასევე, ტემპერატურის გასაზომი დისტანციური თერმომეტრები. იმის გათვალისწინებით, რომ ავღანეთში ვირუსის რამდენიმე შემთხვევაა დადასტურებული და ჩვენი ბაზის ტერიტორიაზე ავღანელები სხვადასხვა საქმისთვის შემოდიან, ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. ბაზის ტერიტორიაზე გაძლიერებულია მართვისა და კონტროლის მექანიზმები. შენობები, ავტომანქანები, სამხედრო და სამედიცინო ტექნიკა, სასადილოები, სავარჯიშო დარბაზები, სველი წერტილები - ყველაფერი სათანადოდ მუშავდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას 35 წლის სამხედრო მოსამსახურე ანა.

“ინფორმაციას გვაწვდიან მუდმივად, როგორც საინფორმაციო ვიდეორგოლებით, ასევე შენობის კედლებზე გაკრული ინსტრუქციებით, რომელთა შესრულება სავალდებულოა ყველასთვის, განურჩევლად წოდებისა და ეროვნებისა. ეს ეხება ავღანელებსაც, რომელთაც ბაზაზე უწევთ ყოფნა. გამოყოფილია საკარანტინო ან თვითიზოლაციისთვის საჭირო სივრცეები, სადაც საეჭვო ქვეყნებიდან დაბრუნებული სამხედროები უნდა დარჩნენ საჭირო დროის განმავლობაში. სხვა შეზღუდვა ჯერჯერობით არ დაწესებულა, ყველაფერს – ვარჯიშს, მორიგეობას ჩვეული რეჟიმით ვაგრძელებთ. სამედიცინო პერსონალს მოგვცეს დამატებითი ინსტრუქციები, როგორ უნდა ვიმოქმედოთ თუნდაც ვირუსის მსუბუქი ფორმით დაინფიცირების შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს კვებისა და ძილის რეჟიმი, რომ ორგანიზმს იმუნიტეტი არ დაუქვეითდეს”, - დასძენს რესპონდენტი.

“ყველა ღონისძიება ტარდება კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, მეთაურობას მუდმივი კონტაქტი აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით. რამდენიმე დღის წინ ჩვენს სამხედრო ექიმებს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ავთანდილ აბაშიძე ესაუბრა. ვიცი, რომ ასევე დაუკავშირდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ სამხედრო ექიმებს, გორსა და ქუთაისში მდებარე სამხედრო ჰოსპიტლების ხელმძღვანელებს და ყველა გზა განიხილეს. ყველაფერი თავდაცვის მინისტრის ბრძანებისა და ინსტრუქციების შესაბამისად კეთდება. აქ ყველანი ოჯახის უფროს წევრებზე ვღელავთ. ზოგს ასაკოვანი დედ-მამა გვყავს, ზოგს - ახლობელი, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს და ვიცით, რომ ეს ადამიანები რისკ-ჯგუფებში არიან. იმედია, საქართველოში ეპიდემია უკონტროლო ხასიათს არ მიიღებს. მუდმივი კონტაქტი გვაქვს მათთან და ვიცით, საქართველოში რაც ხდება. კვების პროდუქტების მომარაგებაზე ეტყობათ, რომ პანიკაში არიან, თვითიზოლაციის წესების დარღვევა კი დიდი უპასუხისმგებლობაა! იმედია, ჯარიმების ამოქმედებით ასეთი შემთხვევები შემცირდება. ჩვენ დაცული ვართ, ყველა ზომა მიღებულია, გვაქვს მედიკამენტების მარაგი. თუ ვინმეს ვირუსი დაემართება, იმედია, მსუბუქად ჩაივლის...”, - ამბობს 32 წლის სამხედრო მოსამსახურე ლაშა.

“ვინც იცის ამ ვირუსის შესახებ, მათ პანიკა აქვთ, ვინც არ იცის, მშვიდად არიან და გავრცელების საფრთხე მათ შორის უფრო მეტია, რადგან რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. ჰიგიენის პრობლემა მძიმედ დგას ბევრ პროვინციაში, რადგან ცხოვრების უმძიმესი პირობებია – არ არის წყალი, გათბობა, სრულფასოვანი კვება. მე ჩემ გარშეო ყველას ვეუბნები, ეს არ არის “თალიბანი”. ამერიკა, ნატო და ავღანეთის შეიარაღებული ძალები ვერ გიშველიან, საკუთარ თავს თვითონ უნდა უშველოთ-მეთქი. კი მისმენენ, მაგრამ ვერ იგებენ. შესაბამისად, ვერც იმ წესებს იცავენ, რასაც ექიმები ურჩევენ. ეპიდემიის აფეთქებას ველოდებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თარჯიმანი სამი აბდულა.

“ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფიროზუდინა ფირუზას მტკიცებით, პირველი შემთხვევა 25 თებერვალს გამოვლინდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უფრო ადრეც იქნებოდა, მაგრამ ეს მძიმე შემთხვევა იყო და მთავრობამ გვერდი ვერ აუარა, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ სამსახურებს საფრთხე რომ არ დამუქრებოდათ. პირველი დაინფიცირებული ჰერათის პროვინციაში გამოვლინდა, თუმცა ვერ გაარკვიეს, ვისთან ჰქონდა კონტაქტი, ამიტომ მთელ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა... მეორე დღესვე გაირკვა, რომ ქალაქ ყუმში სამ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომლებმაც ეს ინფექცია ირანიდან ჩაიტანეს. იმათ რამდენიმე დღეში გამოუვლინდათ სიმპტომები, ეს კი ნიშნავს, რომ იმავე დღეებში რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე იყო დაინფიცირებული, რადგან ჩვენთან თავისუფლად დადიან, მიირთმევენ, ცხოვრობენ და მუშაობენ ჯგუფურად. სწორედ ამიტომ ერთი დაავადებული ხშირად მთელ სოფელსა და ქალაქს აავადებს”, - განაგრძობს ავღანელი თარჯიმანი.

“მას შემდეგ, რაც ეპიდემიამ სამანგანში, ბალჰასა და კაპისეში იფეთქა გაზაფხულის დიდი დღესასწაულები, მაგალითად, ნოვრუზი გადაიტანეს... შემცირდა მლოცველები მეჩეთში, რაც სასულიერო პირებს არ მოსწონთ, რადგან ეს არის მოსახლეობის კონტროლის მექანიზმი, რომელსაც კარგავენ. თუმცა ისევ და ისევ ვლაპარაკობ შედარებით განვითარებულ პროვინციებსა და ქალაქებზე. სხვაგან, სადაც მოლები უკიდეგანო ძალაუფლებით სარგებლობენ, მლოცველთა შემცირებას არ ველით, რაც ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის წინა პირობა იქნება. სამედიცინო განათლება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია. ქაბულის გარეთ ქალაქებსა და პროვინციებში ზოგან ამბულატორიაც კი არ არის, რომ არაფერი ვთქვათ ლაბორატორიაზე, სადაც სისხლის ანალიზის ჩაბარება შეიძლება... ეს არის ქვეყანა, სადაც უამრავ პროვინციაში სკოლებიც არ არსებობს და თაობები ისე იხოცებიან, წერა-კითხვას ვერ სწავლობენ. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ საშიში ვირუსი იქამდე ვერ ჩააღწევს, თუმცა თუ პანიკის ფონზე ქაბულში თავმოყრილი ადამიანების მიგრაცია დაიწყო, ისინი თავიანთ პროვინციებში გაავრცელებენ ვირუსს და ძნელი იქნება ვარაუდი, ვინ გადარჩება და ვინ - ვერა, - დაასკვნის სამი აბდულა და შეკითხვაზე - “ფიქრობთ, რომ ავღანეთის ხელისუფლება ვირუსთან ბრძოლისთვის მზად არის?” - პასუხობს:

“არა, ეს ილუზია არ მაქვს. ალბათ, მათთვის მთავარია, ქაბულში მაინც აკონტროლონ სიტუაცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები არიან, თორემ ჰერათის, ლოგარის, სამანგანის, ბადგისის, კაპისასა და დაიკუნდისნაირ პროვინციებზე მაინცდამაინც არ იდარდებენ, რადგან თავს იმართლებენ, “თალიბანთან" მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ დასუსტებული ვართ და ასეთი დონის მსოფლიო პანდემიისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი ჩვენ კი არა, განვითარებულ ქვეყნებს არ აქვთო... ერთი მხრივ, ვერც გაამტყუნებ, არ არის ეს საფუძველს მოკლებული, თუმცა, ამავე დროს, ეს საშუალებას აძლევთ, უფრო გულგრილად მოეკიდონ ეპიდემიასთან ბრძოლას”.

“საქმე ის არის, რომ ახლა ამის კონტროლისთვის არც სხვა ქვეყნებს სცალიათ, რადგან მსოფლიო ერთობლივად ებრძვის ამ საშიშ ვირუსს. ახლა იწყება ყაყაჩოს მოსაყვანი სამუშაოები... ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, ავღანეთში კარანტინის დაწესება, რადგან არ არსებობს ძალა, რომელიც ამ დროს აქაურებს სახლში გააჩერებს... ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ “თალიბანი” და ჩვენი ხელისუფლება დაზავდნენ. ვერც ერთი ავღანელი, რომელსაც სკოლაში მაინც უვლია, ვერ დაიჯერებს, რომ “თალიბანის” წევრები არ იომებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზია პატიმრების გათავისუფლება. როგორც ვიცი, მათი ნაწილი უკვე გამოვიდა ციხიდან... თუ საერთაშორისო მისიები დატოვებენ ავღანეთს ძალიან მალე მათ გაძლიერებულ ტერორისტულ ძალებთან მოუწევთ ბრძოლა, მანამდე კი შესუსტდება ის ინსტიტუტები, რომელთა ასე თუ ისე განვითარება შევძელით ამერიკის დახმარებით... დაუჯერებელია, რომ ადგილობრივი თავდაცვის ძალები "თალიბანის" მეომრებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ. კორონავირუსის გავრცელების გამო დროებით შეფერხდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესი, პანდემიის ჩაცხრობამდე კი, შესაძლოა, "თალიბანს" ნერვებმა უმტყუნოს...”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა