გრიგოლ გეგელია ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილებაზე - ახალი ფანჯარა იხსნება, რომლის სწორი გამოყენებაც საქართველოს სასიცოცხლო პრიორიტეტს წარმოადგენს

ახალი ფანჯარა იხსნება, რომლის სწორი გამოყენებაც საქართველოს სასიცოცხლო პრიორიტეტს წარმოადგენს , - ასე აფასებს პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ნატო-ს საგარეო მინისტერიალის გადაწყვეტილებას. გრიგოლ გეგელიას განცხადებას ,,ლელო საქართველოსთვის’’ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გრიგოლ გეგელია ამბობს, ნატო-სთვის შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ამ ფონზე, კი საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ანაკლიის პორტის პროექტის ჩასაგდებად.

,,დღეს ნატო-ს საგარეო მინისტერიალმა გადაწყვიტა, რომ დამატებით გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან შავი ზღვის სტრატეგიულ აუზში წვრთნების სახით, ისევე როგორც ჰიბრიდულ ომში ჩვენი დახმარებით.

ნატო დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია შავი ზღვის სტრატეგიული აუზი და მისი უსაფრთხოება. სამწუხაროა, რომ ამ დროს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა შავი ზღვის აუზის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის ცენტრალური მნიშვნელობის მატარებელი ანაკლიის პორტის პროექტის ჩასაგდებად.

მაგრამ, ყველაფერი ცვალებადია, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი პოლიტიკური ჯგუფებიც. შავი ზღვის აუზში ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს პრო-რუსული ინტერესი. ჩვენ ვხედავთ, რომ ნატო-ს გაფართოება გრძელდება. რუსეთის ენერგიული მცდელობების მიუხედავად, ახლახან მონტენეგრო მაინც გახდა ნატო-ს წევრი. რამდენიმე დღის წინ, სამხედრო გაერთიანებას შეუერთდა ჩრდილოეთ მაკედონიაც.

სწორი ძალისხმევის პირობებში, უახლოეს მომავალში, საქართველოც გახდება უსაფრთხოების საერთო ოჯახის წევრი, რითიც საბოლოოდ აღსრულდება ჩვენი ისტორიული მისია, რომლისთვის ბრძოლას ქართველთა მთელი თაობები შეეწირა.

დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, რომლის სწორი გამოყენებაც საქართველოს სასიცოცხლო პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიამ და სხვა პრობლემებმა არ დაგვავიწყოს ამ კრიტიკული მიმართულებით მუშაობა", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა