ომბუდსმენი - იკვეთება, რომ 2020 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლისას მეთოფეების მიერ არალეტალური ჭურვების გამოყენება, არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად

იმ დროისათვის, როდესაც 20-21 ივნისის ღამეს პოლიციამ იარაღი გამოიყენა, აქციაში მონაწილე პირების მხრიდან ადგილი არ ჰქონია პოლიციის თანამშრომლების ან სხვა პირების მიმართ იმწუთიერ და იმგვარ მასობრივ თავდასხმას, რაც პოლიციის თანამშრომლებს საფუძველს მისცემდა, ხელმძღვანელი პირის ბრძანების გარეშე, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, არალეტალური ჭურვების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიეღოთ, - ამის შესახებ „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, შსს-ს თანამშრომლების გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ყველა სამართალდამცველი აღნიშნავს, რომ არ ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალური საფრთხიდან გამომდინარე მიიღეს.

„საქმის მასალებში არსებული ვიდეომასალის თანახმად, იმ დროისათვის, როდესაც პოლიციამ იარაღი გამოიყენა, აქციაში მონაწილე პირების მხრიდან ადგილი არ ჰქონია პოლიციის თანამშრომლების ან სხვა პირების მიმართ იმწუთიერ და იმგვარ მასობრივ თავდასხმას, რაც პოლიციის თანამშრომლებს საფუძველს მისცემდა, ხელმძღვანელი პირის ბრძანების გარეშე, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მიეღოთ გადაწყვეტილება არალეტალური ჭურვების გამოყენების თაობაზე (აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა). აღნიშნულის საპირისპიროდ, მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონიერებისა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით და რისკების გათვალისწინებით, არალეტალური იარაღის (მათ შორის, არალეტალური ჭურვის) გამოყენების შესახებ ბრძანება უნდა გასცეს ღონისძიებაში მონაწილე დანაყოფის ხელმძღვანელმა, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობით. ხოლო როდესაც არალეტალური იარაღის გამოყენების დაყოვნებამ შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, საკმარისია მხოლოდ ღონისძიებაში მონაწილე დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ბრძანების გაცემა.

შსს-ს თანამშრომლების გამოკითხვის ოქმის მიხედვით კი, ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ არ ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალური საფრთხიდან გამომდინარე მიიღეს.

ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის თანახმად, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედების გამოვლენა არ არის თავისთავად მყარი საფუძველი აქციის მშვიდობიანი მონაწილეების შეკრების თავისუფლების შესაზღუდად, მით უფრო, მათ წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის არსებული მასალების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ 2020 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლისას მეთოფეების მიერ არალეტალური ჭურვების გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი ბრძანების არარსებობის, ჭურვების რაოდენობისა (რამდენიმე ასეული) და მეთოფეების (რამდენიმე ათეული) რაოდენობის, ლოკაციის ფართობის (როგორც უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ, ასევე, რუსთაველის გამზირის სხვა მონაკვეთებზე), რამდენიმესაათიანი პერიოდის ხანგრძლივობით და დაშავებული მომიტინგეების რაოდენობისა და დაზიანებების ხარისხის მიხედვით, არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად“, - ნათქვამია ანგარიშში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა