დისკუსიების სერია „ადამიანის უფლებები პანდემიის დროს“ გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, 6-დან 11 აპრილის ჩათვლით გამართავს დისტანციური დისკუსიების სერიას „ადამიანის უფლებები პანდემიის დროს“, - ამის შეახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი კორონავირუსის (COVID – 19) მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ პანდემიად გამოაცხადების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა საქართველოშიც გამოცხადდა. საქართველომ, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად, ევროპის საბჭოს სხვა წევრი სახელმწიფოების მსგავსად უკვე გააკეთა დათქმა პანდემიით განპირობებული საგანგებო მდგომარეობის გამო ზოგიერთი უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ.

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა ლეგიტიმური ინტერესია, რის დასაცავადაც მართლზომიერად შეიძლება შეიზღუდოს ადამიანების პირადი თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება და ა.შ. შეზღუდვებმა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები – აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და უნდა წარმოადგენდეს პროპორციულ ზომას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

ამასთან, ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში საქართველოს აქვს პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის სიცოცხლის უფლება და პირადი ცხოვრების უფლება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს მოსახლეობის საკმარისად ინფორმირება და პრევენციული ზომების დროულად გატარება.

ადამიანის უფლებების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს. ამ კრიზისის საპასუხოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. დისტანციური დისკუსიების მიზანი არის არა მხოლოდ კრიზისის პერიოდში სახელმწიფოს ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის შესახებ საუბარი, არამედ ჰუმანიზმის, სოლიდარობის და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მსჯელობა.

ყველა ღონისძიება გაიმართება Zoom-ის მეშვეობით; ღონისძიებებზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია https://tinyurl.com/uw2z8s8; ღონისძიებების განრიგი და თემატიკა:

ქალთა მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკები პანდემიის დროს; პანდემიით გამოწვეული საფრთხის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმმა ბევრი ქალი მოძალადესთან ერთად ოთხ კედელში „გამოკეტა“, ბევრ მათგანს ეკონომიკური სიდუხჭირის, შიშისა თუ ბევრი სხვა ფაქტორის გამო წასასვლელი არსად აქვს.

დრო: 6 აპრილი, 18:00-19:30 საათი

ვრცლად - https://bit.ly/39J2n1T

გვჭირდება თუ არა ინკლუზია საგანგებო მდგომარეობისას?

2020 წლის 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ასეთ დროს სახელმწიფოს ყურადღება მიმართული უნდა იყოს თუ არა ინკლუზიურობაზე? რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის. ასევე რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო იმ ჯგუფების იდენტიფიცირებისა და დახმარებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით განიცდიან COVID-19-ის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს.

დრო: 7 აპრილი, 19:00-20:30 საათი

ვრცლად - https://bit.ly/2R6727I“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა