ირაკლი პეტრიაშვილი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს მიმართავს, „სპარში“ დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლონ

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს ბექა ფერაძეს ოფიციალურად მიმართავს, რათა სუპერმარკეტების ქსელ „სპარში“ დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლონ და მასზე შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირებიდან აცნობეს.

„პროფკავშირების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ვლინდება, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში ადგილი აქვს სუპერმარკეტების ქსელის „სპარის“ დასაქმებულთა შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებს, რაც უპირველესად გამოიხატება იმაში, რომ კომპანია ავალდებულებს თანამშრომლებს, მაღაზიაში დარჩნენ მთელი ღამის განმავლობაში საწყობებისთვის გამოყოფილ ადგილას, არასათანადო პირობებში საღამოს 19:00 საათიდან დილის 9 საათამდე.

როგორც ცნობილია, სუპერმარკეტების აღნიშნული ქსელი მუშაობს დილის 6 საათიდან ღამის 21 საათამდე და თანამშრომელთა მიმართ ამგვარი მოპყრობა მიზნად ისახავს მათ მიერ არასაკარანტინო დროის მაქსიმალურად გამოყენებას და თანამშრომელთა სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე თანხის დაზოგვას.

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ღამის ცვლის შემდეგ, იგივე თანამშრომლები მუშაობენ შემდეგ ცვლაში, იმავე საღამოს 19.00 საათიდან, რითაც ირღვევა შრომის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი ცვლებს შორის არანაკლებ 12 საათიანი დასვენების ხანგრძლივობის არსებობის შესახებ. აღნიშნულს დასაქმებულები ერთ-ერთ ტელერეპორტაჟში ხსნიან იმ ფაქტით, რომ არ არის საკმარისი საკადრო რესურსი, რაც პირდაპირ ეწინააღმდგება კომპანია ,,სპარის“ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ამგვარი მიდგომით ისინი 750 დასაქმებულს ინარჩუნებენ მიუხედავად იმისა, რომ ამ რაოდენობის კადრი მათ ამ პირობებში არ ჭირდებათ.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რეჟიმის პირობებში დასაქმებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას უწევს მაღალი დატვირთვით და კვირაში არანაკლებ 60 საათი მუშაობა, ამასთანავე, ჩვენი ინფორმაციით, არც ზეგანაკვეთური შრომის სათანადო ანაზღაურება ხდება.

მითუმეტეს, რომ ჩვენს მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევა bit.ly/3e5a1qM მოწმობს, რომ ამ სექტორში ისედაც გაუსაძლისი შრომის პირობებია და საშუალო ხელფასების ოდენობა 300-350 ლარს არ აღემატება, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კომპანიას ზემოაღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით რომც ჰქონდეს მოპოვებული დასაქმებულის თანხმობა, ასეთი თანხმობა შრომითი ურთიერთობის სპეციფიკიდან და შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ ჩაითვლება ნამდვილი ნების გამოვლინებად და ბათილად ითვლება (შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი და მე-6 მუხლის მე-10 ნაწილი).

გარდა ამისა, ასევე აუცილებელია, გაირკვეს, რამდენად ხდება ყველა იმ ღამის საათის სამუშაო დროდ ჩათვლა და შესაბამისი ანაზღაურება.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, დეტალურად იქნას შესწავლილი სუპერმარკეტ "სპარის" მიერ დასაქმებულებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები და მოპოვებული იქნას მტკიცებულებები (ვიდეო კამერის ჩანაწერები, დასაქმებულთა ახსნა-განმარტებები და ა.შ) მათი შრომის პირობების შესახებ, მათ შორის, იმის თაობაზე, თუ რამდენად იცავს კომპანია საგანგებო მდგომარეობის პირობებში დამტკიცებულ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს“,- აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა