ნათია თურნავა - „ბიბლუსმა“ მოახერხა და იზრუნა თავის თანამშრომლებზე, რაც არაჩვეულებრივი მაგალითია სხვა ბიზნესებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გამომცემლობები იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქმიანობის უფლების გაგრძელების კუთხით.

მინისტრის თქმით, ამ ვითარებაში რთულია პრიორიტეტების გამოკვეთა, თუ რომელი საწარმო შემოწმდეს და მიეცეს საქმიანობის უფლება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად კომფორტულად გაატარონ თვითიზოლაციის პერიოდი, გამომცემლობები ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

„ძალიან რთულია ასეთ ვითარებაში პრიორიტეტების გამოკვეთა, რადგან ყველა კომპანიას ჰყავს თანამშრომლები, აქვს საკუთარი საქმიანობის სფერო, ყველას თავისი პრობლემები შეექმნა და ნებისმიერი მათგანი დაასაბუთებს, რომ არის პრიორიტეტი. თუმცა, როდესაც მოვუწოდებთ ადამიანებს - „დარჩით სახლში“ და გვინდა, რომ მაქსიმალურად კომფორტულად გაატარონ ეს თვითიზოლაციის პერიოდი, წიგნს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, დავგეგმავთ და მოვახერხებთ, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში სწორედ წიგნის გამომცემლობებს ვეწვიოთ. მათთან გვაქვს ჩვენ კომუნიკაცია და ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი ესეც იქნება. ამასთან, გუშინ წავიკითხე საინფორმაციოში, რომ მაგალითად, „ბიბლუსმა“, მიუხედავად პრობლემისა, რომელიც შეექმნა, რადგან მათ უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად, მთლიანობაში ბევრი ბიზნესი შევაჩერეთ, მოახერხა, აიღო ბანკიდან სესხი და თავის თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადა, რისთვისაც, მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო. მათ ამ ვითარებაში მაინც მოახერხეს და თავის თანამშრომლებზე იზრუნეს და ეს არაჩვეულებრივი მაგალითია სხვა ბიზნესებითვის. რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ ყველგან დროულად მივიდეთ, გადავამოწმოთ, აღვუდგინოთ საქმიანობის უფლება, მაგრამ ბუნებრივია, იქნება გარკვეული შეფერხებები, რადგან ეს პროცესი კორონავირუსის გავრცელების პერიოდს ემთხვევა. თუმცა, ვფიქრობ, 1-2 ან 3 კვირა ისეთი კრიტიკული არ იქნება ბიზნესებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებსა და გარშემომყოფებზე,”- აღნიშნა თურნავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე”.

ცნობისთვის, 6 აპრილიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით საწარმოების შემოწმების პროცესი დაიწყო. მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განსაზღვრულია გამონაკლისი ეკონომიკური საქმიანობები, რომელიც ნებადართულია.

ამასთან, კომპანიებს შეუძლიათ საგანგებო მდგომარეობისას საქმიანობის სპეციალური ნებართვის მისაღებად ეკონომიკის სამინისტროს მიმართონ და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმიანობა გააგრძელონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა