აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რა შემთხვევაში გააგრძელებს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი მუშაობას

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რა შემთხვევაში გააგრძელებს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი მუშაობას

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქობულეთში, სოფელში არიან ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტირებული ოჯახები, რომლებიც მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს.

როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ამ დროისათვის სამედიცინო ცენტრში მომუშავე პერსონალის კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს და თუ იმ პერსონალის რაოდენობა, ვისაც კონტაქტი არ ჰქონია ინფიცირებულ პაციენტებთან საკმარისი არ იქნება, იზოლაციის პერიოდის დასრულებამდე, სამედიცინო ცენტრი პაციენტების მიღებას შეწყვეტს.

„ამ დროისთვის ქობულეთში, სოფელში გვყავს კონტაქტირებული ოჯახები, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, სადაც მკაცრად არის მითითებული თვითიზოლაციის დაცვის წესების რეკომენდაცია და გააზრებული აქვთ ეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებენ, ტემპერატურის მაჩვენებლებს დღეში ორჯერ აწერინებენ ქობულეთის ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივ სამსახურს, მათზე არის აქტიური მეთვალყურეობა და ქობულეთში ასევე, ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ გრძელდება სხვა დამატებითი კონტაქტების მოძიება და მათთან ეპიდკვლევის ჩატარება. სამედიცინო ცენტრში პირველადი ინფორმაცია არის უკვე შეკრებილი. გარკვეულ პირებთან მიმართებაში რეკომენდაცია უკვე გაცემულია, ეს გახლავთ დაახლოებით 38 სამედიცინო პირი, რომელთა ნაწილი თვითიზოლაციაშია და ნაწილი გახლავთ კარანტინში. რაც შეეხება თვითონ სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირებას, ჩვენ დღის განმავლობაში განვიხილავთ იმ პერსონალის რაოდენობას და იმ მიმართულების იდენტიფიცირებას მოვახდენთ, რომლებსაც შეხება არ ჰქონია აღნიშნულ პაციენტებთან. თუ დარჩენილი პერსონალის რაოდენობა, ამის საშუალებას მოგვცემს, ცენტრი გააგრძელებს მუშაობას, სხვა შემთხვევაში ის რა თქმა უნდა იზოლაციის პერიოდის დასრულებამდე შეწყვეტს პაციენტთა მიღებას.

რაც შეეხება ინფიცირებულების მდგომარეობას, 14 პაციენტიდან 1 რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. სხვა შემთხვევები გახლავთ საშუალო და მსუბუქი სიმძიმის, რაიმე განსაკუთრებული საყურადღებო და საფრთხილო შემთხვევა ამ ეტაპზე არ გვაქვს“, - განაცხადა ნიჟარაძემ.