ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა, Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს.

მათივე ცნობით, კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა Covid19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებული ახალი ტექნიკა, ინვენტარი, ბოქსირებული პალატები.

„ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის დღეიდან მიიღოს პირველი პაციენტი. პირველ ეტაპზე ეს იქნება ცხელების ცენტრი, შემდეგ უკვე კოვიდ19-ის მართვის ცენტრი და ამ გამოწვევის კვალდაკვალ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი და ასევე სამედიცინო პერსონალი იყოს სრულ მზადყოფნაში. შესაბამისად, მყისიერად, პრაქტიკულად 10 დღის განმავლობაში ჩვენ შევძელით რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა. აღჭურვაში მონაწილეობა მიიღო აჭარაში მოქმედმა ბიზნეს-წარმომადგენლებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. მინდა მათ საჯაროდ გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს არის საერთო მნიშვნელობის საქმე. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გამართულია და შეძლებს თვის ბოლომდე სრული დატვირთვით, 170 პაციენტის მიღებას, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ გამოწვევასთან გამკლავებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კლინიკის აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა - „ორბი ჯგუფი“, „ალიანს ჯგუფი“, შპს „გზა“, „ანაგი“, „ნოვა“, „გურუ ჰოლდინგი“, „გრინ რიზორთი“, „მეტრო სითი“, „რეკან გრუპ ჯორჯია“, „ემსი ქონსთრაქშენ“, „რეალ პალასი“, „აჭარის წყალი ჯორჯია“, შპს „ფიგოილი“, „გორგია“, „მოდუსი“, „თურსა“, ,,სახლი ხეივანში'', შპს „ახალი ხედვა“, ლევან შერვაშიძე. რამდენიმე დღის წინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს ადგილზე გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად 4 კლინიკაა მობილიზებული. სამედიცინო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კვალიფიციური მუშაობისთვის არის საჭირო. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ახალი საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეძენილ იქნა დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი, 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, სამედიცინო აპარატები და აღჭურვილობა, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო