აგრესიული ტესტირება თავდაცვის ძალებს, საეკლესიო პირებს და პენიტენციურ, ხანდაზმულთა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ ადამიანებს ჩაუტარდებათ

საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია.

ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს.

„თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი. ასევე უნდა აიღონ ცხვირ-ხახის ნაცხი ანტიგენის ან პჯრ კვლევისთვის. თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ტარდება განმეორებითი ტესტირება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, სწრაფი ტესტირება უტარდება მაღალი რისკის კონტინგენტსაც.

„ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები: თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები; სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილ 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები; სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან; პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით). უსიმპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში, მათ შორის უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე (პჯრ არ ესაჭიროებათ)“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს, დოკუმენტის თანახმად, ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის პირები, ვისაც აღენიშნება COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები, კერძოდ: ყველა ის პირი, ვინც შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს; ჰოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით; ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება.

„ამ ჯგუფში გაერთიანებულ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. „ცხელების კლინიკებში“ შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში პჯრ მეთოდით, სხვა შემთხვევაში, სწრაფი მარტივი მეთოდით ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით და საჭიროების შემთხვევაში, იგზავნება რეფერენს ლაბორატორიაში პჯრ მეთოდით კვლევისათვის. თუ პასუხი დადებითია, შეტყობინება ეგზავნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სავარაუდო შემთხვევის შესახებ; თუ პაციენტის მართვა შესაძლებელია სახლში, მას უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი; გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის. თუ პასუხი უარყოფითია, განმეორებით უტარდება ტესტირება ანტისხეულებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

იხილეთ ვიდეო: აგრესიული ტესტირება თავდაცვის ძალებს, საეკლესიო პირებს და კიდევ რამდენიმე კატეგორიის ადამიანებს ჩაუტარდებათ

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ