კომპანია „საქნახშირის“ ინფორმაციით, ობიექტებზე სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს

ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ ობიექტებზე სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „საქნახშირში“ „COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელსაც ავთანდილ ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. შტაბის წევრები არიან კომპანიის მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მედიკოსები. პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, შტაბის სხდომაზე შემუშავდა უსაფრთხოების პროგრამა, რომლის მიხედვითაც კომპანიის ობიექტებზე ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო/საპრევენციო სამუშაოები, ასევე, მოწმდება ყველა თანამშრომელი.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შახტა სპეციალურ რეჟიმში მუშაობს. „მინდელის“ სახელობის შახტზე 3 შემოსასვლელი პუნქტია. ამჟამად 2 პუნქტი დაკეტილი გვაქვს და მხოლოდ 1 ფუნქციობს. თანამშრომლებს გადაეცათ პირბადეები და ხელთათმანები. შემოსვლისას ისინი მოწმდებიან და ანტისეპტიკური საშუალებებით უტარდებათ დეზინფექცია. ასევე, შევიძინეთ სიცხის დისტანციური საზომები და გავანაწილეთ „მინდელის სახელობის შახტზე“ (სადაც ადმინისტრაციული შენობაა), „ძიძიგურის სახელობის შახტზე“ და გამამდიდრებელ ფაბრიკაში.

მაქსიმალურად შევამცირეთ თანამშრომლების რაოდენობა ცვლებსა და ობიექტებზე: 70 წელს გადაცილებული თანამშრომლები გავუშვით ანაზღაურებად შვებულებაში. სარემონტო უბანი (რომელიც გვირაბების გადამაგრებას ახდენს) და სალიანდაგო გზის მოხელეები (რომლებიც ძველს ახლით ცვლიან) მოვხსენით პირველი ცვლიდან და გადავანაწილეთ სხვა ცვლებზე (რადგან პირველ ცვლაში ხალხის რაოდენობა შედარებით მეტი იყო). მკაცრად არის შეზღუდული თანამშრომლების რაოდენობა საშახტო ვაგონებში, საშახტო ლიფტსა და ავტოტრანსპორტში. ზოგადად, სახალხო ვაგონი 18 ადამიანს იტევს. ეს რაოდენობა 12-მდე შევზღუდეთ. ვაგონშიც და ლიფტშიც აკრძალულია ახლო კომუნიკაცია. ყოველდღიურ დილის თათბირზე უბნის უფროსები ჩვენგან (ხელმძღვანელობისგან) იღებენ მითითებებს, შემდეგ კი ეს მითითებები მიდის ცვლის უფროსებთან. ცვლის უფროსები მეშახტეებს ყოველ ჯერზე უტარებენ ინსტრუქტაჟს (საგანრიგო წიგნში ხელისმოწერით) და აკონტროლებენ, რომ სამუშაო პროცესი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით წარიმართოს.

მინდა აღვნიშნო, რომ ცვლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, დღეში ექვსი საათი იყო. ახლა კი, პირველი და მეორე ცვლის ხანგრძლივობა ნახევარი საათით შევამცირეთ, რათა თანამშრომლები ავარიდოთ კომენდანტის საათს (მათ გადაადგილებას კომპანიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უზრუნველყოფს).

რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს, ამ მიმართულებით ამჟამად 50 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის ობიექტებს დეზინფექცია ყოველდღიურად უტარდება: ადმინისტრაციულ შენობას, აბანო-გარდერობებს, ფოიეებს, კაბინეტებს, საგანრიგოებს; ასევე, საამქროებს (მექანიკურ საამქროს, ელექტროსაამქროს), ელექტროდეპოს, ვაგონშემკეთებელს, ზედაპირულ კომპლექსს.

არის ობიექტები, სადაც სადეზინფექციო სამუშაოებს დღეში რამდენჯერმე, ყოველი ცვლის დაწყებამდე ვატარებთ. „ძიძიგურის შახტის“ ლიფტი ახლა დროებით გაჩერებულია (რადგან მზიდ ბაგირს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და უახლოეს დღეებში შევცვლით). ამ პერიოდში „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლები ტრანსპორტით გადმოგვყავს „მინდელის სახელობის შახტზე. რაოდენობაზე შეზღუდვა აქაც დაწესებულია - 25-კაციან ავტობუსში 10 ადამიანზე მეტი არ ჯდება, 14-კაციანში კი - 6. ამის გამო, დამატებით გამოვყავით ტრანსპორტი.

სახალხო ვაგონებსა და ავტობუსებს დეზინფექცია დღეში ოთხჯერ უტარდება. სატრანსპორტო საშუალებები ყოველი ცვლის დაწყებამდე 2 საათით ადრე მუშავდება (რათა დროულად მოხდეს მათი განიავება და ჩვენს თანამშრომლებს სადეზინფექციო საშუალებების სუნმა დისკომფორტი არ შეუქმნას). გარდა ამისა, დეზინფექცია უტარდება საშახტო ლიფტს, +582 ჰ. +350 ჰ. +275 ჰ. და +175 ჰ-ის მიმღებ ბაქნებს (სადაც მოწყობილია მოსაცდელები) და ამწე დანადგარის კამერებს, სადაც ჩვენს თანამშრომლებს უხდებათ ყოფნა. დღეში ოთხჯერ უტარდება დეზინფექცია აბანო-გარდერობებსა და საპირფარეშოებსაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში გავაახლეთ საშხაპეები, ისინი ერთმანეთისგან იზოლირებულია და მათ შორის მანძილი სტანდარტულია.

ჩვენი შტაბის მიერ უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან და სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამშრომლები გადანაწილებულები არიან შახტის სხვადასხვა ტერიტორიაზე (სხვადასხვა ამოსაღებ ველებში) და მათზე გაცემულია ისეთი განრიგი, რომ მათ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი არ აქვთ (ერთ სამუშაო ადგილზე თავს იყრის 2-4 ადამიანი). ყველა ჯგუფს მიჰყვება ინჟინერ-ტექნიკური ხელმძღვანელი, რომელიც აკონტროლებს, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. სწორედ ისაა პასუხისმგებელი თანამშრომლებზე - სამუშაო ცვლის დაწყებიდან დამთავრებამდე.

კომპანია „საქნახშირი“ მუშაობას აგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით. მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს და ამ მძიმე პერიოდში ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში”, - განაცხადა კომპანიის დირექტორის მოადგილემ შრომის უსაფრთხოების დარგში, შტაბის ხელმძღვანელმა, ავთანდილ ბოჭორიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა